თამთამ სიმღერა შეასრულა კონკურსის ჩეხ მონაწილესთან, ჯგუფ Lake Malawi-ის სოლისტთან და გიტარისტთან ალბერტ ჩერნისთან ერთად. კლიპმა, რომელიც ქსელში გუშინ გამოჩნდა და რომელიც წარწერა „თელ-ავივის“ ფონზეა ჩაწერილი, უკვე 60 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.
თამთა გოდუაძე - „ევროვიზია 2019“-ის ფინალისტია. სწორედ მისი გამოსვლით გაიხსნა 14 მაისს კონკურსის ნახევარფინალი თელ-ავივში. გოდუაძეს წარმატება მოუტანა კომპოზიტორ ალექს პაპაკონსტანტინუს კომპოზიციამ Replay.
რაც შეეხება „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის - მომღერალ ოთო ნემსაძის გამოსვლას - იგი ფინალში ვერ მოხვდა.
„ევროვიზია 2019“-ის ფინალში კვიპროსის გარდა, რომელსაც თამთა გოდუაძე წარმოადგენს, გავიდნენ საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო და სლოვენია.
თამთა გოდუაძე წარმოშობით თბილისიდანაა. იგი 38 წლისაა. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს საბერძნეთში.
თამთას მუსიკალური კარიერა 22 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ გოდუაძემ მონაწილეობა მიიღო ვოკალურ შოუში Super Idol Greece 2004. ამ ტელეკონკურსში თამთამ მეორე ადგილი დაიკავა. იმავე პერიოდში თამთამ გამოუშვა სინგლი Eisai To Allo Mou Miso ბერძენ მომღერალ სტავროს კონსტანტინუსთან ერთად. კომპოზიცია ქვეყნის რადიოსადგურების ჰიტად იქცა.
2007 წელს გოდუაძეს სურდა „ევროვიზიაზე“ საბერძნეთის სახელით გამოსვლა. მან ეროვნულ შესარჩევ კონკურსშიც კი მიიღო მონაწილეობა საკუთარი სიმღერით With Love, მაგრამ მესამე ადგილი დაიკავა. მალევე გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „თამთა“.
2014 წელს თამთა „Х-ფაქტორის“ ქართულ ანალოგში ჟიურის წევრად მიიწვიეს. ამავე ამპლუაში თამთა გოდუაძე უკვე 2016 წელს ბერძნულ „Х-ფაქტორშიც“ მოგვევლინა.
შარშან ლისაბონში კვიპროსის სახელით ევროვიზიაზე გამოდიოდა ელენი ფურეირა, რომელმაც თავის ქვეყანას მეორე ადგილი მოუტანა.
ევროვიზია 2019 ისრაელის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ თელ-ავივში მიმდინარეობს. შარშან ლისაბონში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე სწორედ ისრაელის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა სიმღერით Toy. ისრაელს ევროვიზიისთვის ადრეც უმასპინძლია - 1979 და 1999 წლებში.
ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს გაიმართება, ფინალი - 18 მაისს.