თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მზის აქტივობით გამოწვეული მაგნიტური ქარიშხლები არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს, არამედ ელექტრომომარაგების სისტემის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლიათ, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ქართველმა ასტრონომმა გოდერძი დიდებულიძემ.
ამ დილით დედამიწაზე დაიწყო ბოლო ორ წელიწადში უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, საღამომდე გასტანს.
„ადამიანზე ყველაფერი მოქმედებს - ჩვეულებრივი ამინდიც და ცვლილებები კოსმოსში. კოსმოსური ამინდი ეს ისეთი ფენომენია, რომელიც აქტუალური გახდა იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება. უკვე შესაძლებელია მზეზე მიმდინარე აქტიური პროცესების გაზომვა და ადამიანები ამ საკითხით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან“, - განაცხადა დიდებულიძემ.
ამასთან დაკავშირებით ასტრონომი მეტეომგრძნობელობის მქონე ყველა ადამიანს მაგნიტური ქარიშხლების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს თავის ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ.
„მზეზე მიმდინარე პროცესებს ვერავინ დაემალება. თუ მზის გამოსხივება იცვლება, ცხელ ამინდში შეიძლება დაიმალო და ქუჩაში არ გახვიდე, მაგრამ მაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედებას ვერ აიცილებ. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე“, - ხაზგასმით აღნიშნა დიდებულიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტურ ქარიშხალს ადამიანებისთვის გარკვეული დისკომფორტი მოაქვს, ზოგადად ის საშიში არ არის, ამიტომ პანიკისა და განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს, დასასრულს აღნიშნა ასტრონომმა.