თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს „მსოფლიო სერიის“ ტურნირზე საპლაჟო ჭიდაობაში, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფალავნებმა ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს. შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში იმართებოდა და ოთხივეში ქართველებმა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავეს.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ლევან ქელეხსაშვილი (-70 კგ), დავით ხუციშვილი (-80 კგ), დავით მარსაგიშვილი (-90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე იყო მოწვეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ზაზა ჯიბლაძე.
„მსოფლიო სერიის“ მესამე ეტაპი საპლაჟო ჭიდაობაში 9-10 აგვისტოს ოდესაში გაიმართება.
რიო-დე-ჟანეიროში გამართული შეჯიბრება - ეს არის პირველი მსოფლიო საპლაჟო თამაშების სალიცენზიო ტურნირი. თამაშები მიმდინარე წლის ოქტომბერში სან-დიეგოში (აშშ) გაიმართება. თამაშებზე წარმოდგენილი იქნება სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა საპლაჟო ფეხბურთი, საპლაჟო ფრენბურთი, საპლაჟო ჩოგბურთი, ჭიდაობა, კარატე, სერფინგი, წყლის თხილამურები და სხვ.