თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებულ ტყეში დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა, სიმბოლურად 50-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.
ბორჯომის ტყეები 2008 და 2017 წლებში ხანძრის შედეგად დაიწვა. ნახანძრალის ფართობი მთლიანობაში 943 ჰექტარს შეადგენს.
ტყის აღდგენის პროექტი ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნეს. გასული წლის შემოდგომაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 144 ჰა ფართობი აღადგინა. საგაზაფხულო სამუშაოები წელსაც იგივე ტერიტორიაზე გაგრძელდა და 35 ათასამდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
შემოდგომიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგვის სამუშაოებს განაახლებს.
ხანძრების სერია საქართველოს 2017 წლის ზაფხულში მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად, ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა.