თბილისი, 12 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, კრწანისის რაიონში ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომლის დათვალიერების შედეგად, უკანონოდ შენახული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და რვა საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.