თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ თბილისის ბიუჯეტის დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ძველი ავტობუსები ახლით შეიცვალოს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდა გამოწვეულია ავტობუსის პარკის განახლებით. წლის ბოლომდე თბილისში ISUZU–ს მარკის 220 ახალი, 8–მეტრიანი ავტობუსი შემოვა. კიდევ 200 ავტობუსს, 12–მეტრიანს, მერია 2020 წელში შეიძენს.
„როგორც საზოგადოებას დავპირდით, ძველ პარკს, ე.წ ყვითელ ავტობუსებს წლის ბოლომდე ახალი და თანამედროვე ავტობუსებით ჩავანაცვლებთ. ამასთან ერთად, მომავალი წლიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანას. ამ ნაწილში თბილისის მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. აქედან გამომდინარეც არის მიღებული მათთვის რესურსის გაზრდის გადწყვეტილება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
კონკრეტულად რამდენს მიიღებს თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად, პრემიერ–მინისტრს არ დაუსახელებია.
ამჟამად დედაქალაქში 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია 143. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თბილისის ავტობუსები დღეში საშუალოდ 109,5 ათას კილომეტრს გადიან და ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.