თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცხრამუხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ქართლი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქორწინო ესკორტის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
დაშავებულთაგან სხვადასხვა დაზიანებებით ექვსი ახალგაზრდა ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან მხოლოდ ერთია სრულწლოვანი, დანარჩენები 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.
ექიმების განცხადებით, ხუთ დაშავებულს ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები, გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და კლინიკიდან გაეწერნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, 17 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.