თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლის მოწამლვის საქმეზე მოკვლევა დაიწყო, იუწყება პორტალი InfoRustavi.
პირველადი ინფორმაციით, მოსწავლეებმა თავი შეუძლოდ მას შემდეგ იგრძნეს, რაც სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანი მიირთვეს. მოსწავლეები სხვადასხვა ასაკის არიან.
მოზარდებს ინტოქსიკაციის მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებოდათ. სტაციონარში გადაყვანა არც ერთ მათგანს არ დასჭირდა. სამ მოზარდს ინტოქსიკაციის შედარებით მკაფიო სიმპტომები აღენიშნებოდა, დანარჩენი მოსწავლეები კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს.
სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანის ნიმუშს ლაბორატორიულად გამოიკვლევენ, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი იმაზე საუბარი, იყო თუ არა კაფეტერიაში შეძენილი საკვები პროდუქტი ბავშვების მოწამვლის მიზეზი.