თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ქართველმა დიზაინერებმა პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და 2,1 მლნ ლარის (700 ათას ევროზე მეტი) ღირებულების პროდუქცია გაყიდეს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" Facebook-გვერდზე.
ქართველი დიზაინერების კოლექციები პარიზში წარადგინეს>>>
სააგენტოს ცნობით, ეს არის მსგავს ღონისძიებებში ქართველი დიზაინერების მიერ მიღებული რეკორდული თანხა.
პარიზის მოდის კვირეულში, რომელიც 28 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში მიმდინარეობდა, სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო 18-მა ქართველმა დიზაინერმა, მათ შორის, ანუკი არეშიძემ, გიორგი ქებურიამ, გვანცა ჯანაშიამ, თამუნა ინგოროყვამ და სხვებმა. მათი პროდუქცია სპეციალურ შოუ-რუმებზე იყო წარმოდგენილი.
პარიზის მოდის კვირეული მსოფლიოში ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის კვირეულების ფინალური ღონისძიებაა. იგი ყოველთვის ხურავს სეზონს და fashion-ინდუსტრიაში ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება. კვირეული ექვს თვეში ერთხელ იმართება.
პარიზის მოდის კვირეული სათავეს 1973 წლიდან იღებს. ღონისძიება ფრანგული მაღალი მოდის ფედერაციისა და პრეტ-ა-პორტეს მხარდაჭერით ტარდება.