ამ საკითხების გასარკვევად არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების ხელშეწყობის ინსტიტუტმა“ კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგები სასიამოვნოდ გასაოცარი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ორგანიზაციის წერილობითი მიმართვების საფუძველზე ინფორმაციის მეტი წილი გაიცემა. კერძოდ, ინფორმაციის თავისუფლად მიღების ხარისხმა 80 პროცენტი შეადგინა, რაც ცუდი სულაც არაა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, და სადაც სულ 10-15 წლის წინ მინისტრის ბიოგრაფიის მოთხოვნასაც კი დიდი აურზაური მოჰყვებოდა ხოლმე სახელმწიფო კანცელარიასა თუ სამინისტროებში.
ანგარიშში 2018 წლის მონაცემებია ასახული. ინფორმაციის მოპოვების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 6000-ზე მეტი განცხადება გაგზავნა და ინფორმაცია გამოითხოვა.
საჯარო სამსახურის ბიურო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სურსათის ეროვნული სააგენტო – სულ 43 სახელმწიფო უწყება გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ უწყებებად შეფასდა და IDFI-მ სიგელებიც გადასცა.
რაც შეეხება ყველაზე დახურულ უწყებებს, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ასეთებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემა, სახელმწიფო ხაზინა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
მკვლევარები აცხადებენ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა – 90 პროცენტი. მას შემდეგ მონაცემები 80 პროცენტამდე მერყეობს. საჯარო უწყებებს ყველაზე მეტად ხელფასებისა და დანამატების შესახებ მოხსენებითი ბარათების, სარესტორნე ხარჯებისა და საწვავის ლიმიტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება უჭირთ. 2018 წელსაც ეს ინფორმაცია უწყებების 20-მა პროცენტმა არ გაასაჯაროვა.
2018 წლის კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ 282 უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია და ამისათვის მისმა მკვლევარებმა 6413 წერილობითი მოთხოვნა გაგზავნეს, საიდანაც სრულყოფილი პასუხი გაეცა 3653-ს, არასრულყოფილი, მაგრამ მაინც პასუხი – 493-ს, უარი ინფორმაციის გაცემაზე მიღებულია 33 შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა – 959.
საერთო ჯამში სიტუაცია საქართველოში ნამდვილად არ გამოიყურება ურიგოდ, რადგან ჯერ კიდევ 2000 წელს საჯარო უწყებების წარმომადგენელთა უმეტესობამ სულაც არ იცოდა, რომ ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი მათ საჯარო ინფორმაციის გაცემას ავალდებულებდა.