„თქვენი მხარდაჭერა მჭირდება" – ოთო ნემსაძე ემიგრანტებს მიმართავს

© photo: courtesy of Oto Nemsadzeოთო ნემსაძე
ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს წარმომადგენლის მხარდაჭერას უცხოეთში მცხოვრები ქართველები ტელეფონის საშუალებით შეძლებენ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მომღერალმა ოთო ნემსაძემ, რომელიც სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2019"-ზე საქართველოს წარადგენს, მხარდაჭერისთვის ქართველ ემიგრანტებს მიმართა.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

„მოგესალმებით საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო. მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში. წელს საქართველოს „ევროვიზიაზე" წარვადგენ და თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. მე თქვენთვის ვიმღერებ. ამისთვის საჭიროა უყუროთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით და ნახევარფინალური შოუს ბოლოს სპეციალურად მინიჭებულ ნომერზე გაგზავნოთ საქართველოს რიცხვი – 11. ერთი ნომრიდან 20 ზარის განხორცილებაა შესაძლებელი", – ნათქვამია ნემსაძის ვიდეომიმართვაში.

როგორც პირველი არხი აზუსტებს, მსურველები ოთო ნემსაძისთვის, რომელიც მე-11 ნომრით წარდგება, ნახევარფინალში ხმის მიცემას ცენტრალური ევროპის დროით 21:00 საათზე შეძლებენ.

თელ-ავივში ოთო ნემსაძემ ევროფესტივალის სცენაზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიარა და კონკურსის თაყვანისმცემლებისგან კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. ხელმომწერებმა ქართველი კონკურსანტის ნომერს „ეპიკური", „ძლიერი", „ჟრუანტელის მომგვრელი" უწოდეს.

რეპეტიციის შემდეგ ოთო ნემსაძე ჯერ მასმედიის წარმომადგენლებს, შემდეგ კი თაყვანისმცემლებს შეხვდა. შეხვედრა ისრაელში ქართული საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და ოთოს მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა.

ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
ევროვიზია-2019: ოთო ნემსაძე თელ-ავივში გაფრინდა

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.

2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ ჩაწერა სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა".

 

ყველა ახალი ამბავი
0