თბილისი, 5 მაისი - Sputnik. მახინჯაურში, თამარის დასახლებაში ყოფილმა და მოქმედმა სამხედრო პირებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, შესაძლოა, ისინი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ოთხსართულიანი კორპუსიდან გამოასახლონ, რადგან მიიღეს ინფორმაცია შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ. მათი თქმით, შენობაში შესახლების უფლება 2009 წელს თავად თავდაცვის სამინისტრომ მისცა, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები კი პერიოდულად შენობის დაცლას სთხოვენ.
„აქ ვცხოვრობ 2009 წლიდან და სულ გამოსახლებას ველოდები. ვითხოვთ ფართების დაკანონებას. პერიოდულად მოდიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და გვთხოვენ შენობის დაცლას. ჩვენ თვითნებურად არ შემოვსულვართ...მზად ვართ, ტერიტორია იმ შემთხვევაში დავთმოთ, თუ სახელმწიფო ალტერნატიულ საცხოვრებელს შემოგვთავაზებს, ოღონდ ბათუმის ტერიტორიაზე“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, როინ ბერიძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მორიგ აქციას გამართავენ და ავტომაგისტრალს გადაკეტავენ.
თამარ მეფის 54 ნომერში მდგარ ძველ კორპუსში 44 ოჯახი 2009 წლიდან ცხოვრობს. კორპუსი სარეკრეაციო ზოლში 1 979 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. ოთხსართულიანი შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო. როგორც ყვებიან საცხოვრებლები თავად შეაკეთეს, თავდაცვის უწყება კი ინიციატორი იყო მიტოვებულ შენობაში სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები შესახლებულიყვნენ.
ახალი ქალაქი თბილისში: სამხედროებს საკუთრებაში მიწას გადასცემენ >>
სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან სამხედროებს ხელფასი რამდენჯერმე გაუზარდეს. გაზრდილია ასევე ერთჯერადი დახმარების ოდენობა. გარდა ამისა, მთავრობა აქტიურად მუშაობს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომლის ფარგლებში 2013 წლიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით სახელმწიფომ ბინები გადასცა 1,7 ათას სამხედრო მოსამსახურეს.