თბილისი, 5 მაისი - Sputnik. გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა და ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები დაიტბორა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
წუხანდელი წვიმის შედეგად მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის თითქმის ყველა სოფელშიც. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რამაც შიდა საუბნო გზები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
„ჭარბმა ნალექმა დააზარალა ლაგოდეხის თითქმის ყველა სოფელი, განსაკუთრებით აფენის თემი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. ამ წუთებშიც გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.
ძლიერმა სეტყვამ კახეთის სოფლები დააზარალა >>
თიანეთში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
რამდენიმე დღის წინ ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა.