თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისში წლის ბოლომდე 220 ახალი რვამეტრიანი ავტობუსი გამოჩნდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, იანვარში ტენდერში გაიმარჯვა იაპონურმა კომპანია Isuzu-მ. ახალი ავტობუსები ქალაქში მოძრაობას წლის ბოლომდე დაიწყებენ.
„ავტობუსების მოწოდება რვათვიან პერიოდში უნდა მოხდეს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ და ძალიან მალე ქალაქს ეყოლება 220 ერთეული ახალი ავტობუსი", – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ ავტობუსების ფერი უახლოეს მომავალში შეირჩევა. ავტობუსები აღჭურვილი იქნებიან კონდიციონერებითა და ვენტილაციის სისტემებით, ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB დამტენებით, უსადენო ინტერნეტით. კალაძემ აღნიშნა, რომ ავტობუსები იმოძრავებენ დიზელის საწვავზე „ევრო-6“, ისევე, როგორც ევროპის მრავალ ქალაქში.
უახლოეს პერიოდში მოსახლეობას ასევე წარუდგენენ МАN-ის მარკის ათმეტრიან ავტობუსებს, რომლებიც თბილისში პოლონეთიდან ჩამოიყვანეს.
თბილისის მერია ავტოპარკს ეტაპობრივად ანახლებს. 2019 წელს კიდევ დაგეგმილია 240 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. აქედან 90 იქნება ელექტროავტობუსი, ხოლო 150 გაზზე იმუშავებს. 2020 წლიდან თბილისში დამატებით შემოვა 18-მეტრიანი ახალი სტანდარტების 200 ერთეული ავტობუსი.
დღესდღეობით თბილისში 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია 143. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თბილისის ავტობუსები დღეში საშუალოდ 109,5 ათას კილომეტრს გადიან და ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.