თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს სასტუმროებს უკვე ამ შემოდგომაზე საშუალება ექნებათ, მიიღონ ორგანიზაცია HotelstarsUnion-ის პრესტიჟული ევროპული სერტიფიკატი, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის დამფუძნებელმა ქეთი მელაძემ.
HotelstarsUnion ვარსკვლავების სტანდარტების ერთიანი სისტემაა 29 ქვეყნის სასტუმროებისთვის. საქართველო ორგანიზაციაში 2016 წლიდან შედის.
გამოფენა დუბაიში: საქართველო მდიდარ არაბ ტურისტებს იზიდავს>>
„ვარსკვლავის მიღება ქვეყანაში ყველა სასტუმროს შეუძლია, დაწყებული ხუთვარსკვლავიანიდან და ჰოსტელებით დამთავრებული. ეს გაზრდის ტურისტების ნდობას ჩვენი სასტუმროებისადმი", – განაცხადა მელაძემ.
მისი თქმით, ქართული სასტუმროები, თავიანთი უნიკალურობის წყალობით, იმსახურებენ აღიარებას.
სასტუმროს ბიზნესი საკმაოდ რთული საქმეა. იმ სირთულეების თავიდან ასაცილებლად, რასაც შეიძლება სტარტაპი წააწყდეს, საქართველოში, შეძლებისდაგვარად, უპირატესობას ანიჭებენ პოპულარული ქსელების ფრანშიზების ყიდვას, აღნიშნა მელაძემ.
„ის (ფრანშიზი) რამდენიმე ათასი დოლარი ან ევრო ჯდება მაშინ, როცა „ევროპული ვარსკვლავის" მინიჭება რამდენჯერმე იაფი დაჯდება, ათას დოლარზე ნაკლები", – აღნიშნა მელაძემ.
რამდენი ვარსკვლავი ეკუთვნის სასტუმროს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ის, როგორი ნომრები, კვება, მომსახურება აქვს, ასევე რიგ სხვა ფაქტორებზე.
მელაძის განცხადებით, HotelstarsUnion-ის შეფასება ხარისხის გარანტიაა.
ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანას 2019 წლის სამ თვეში ეწვია 1,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2,2%-ით მეტია.