თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ორგანიზებით დღეს რიგით მეოცე ფორუმი გაიმართა.
ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელობა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
ისრაელის დელეგაციის ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ქვეყნის ბიზნეს-კლიმატის გაცნობითა და ინვესტირებით. დელეგაციაში შედიან HI TECH-ის, სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვებითი მრეწველობის წარმომადგენლები.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის ბიზნესსა და პოტენციურ ინვესტორებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
„საქართველოში უამრავი პოტენციალია. ისრაელში არის ცოდნა, ფინანსები. საჭიროა მეტი მუშაობა და მჯერა, რომ შესაძლოა დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელიც იყო 10 წლის წინ და ისრაელი კვლავ საქართველოს მოწინავე პარტნიორი გახდეს“, – განაცხადა იციკ მოშემ.
უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში.