თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 24-25 აპრილს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი" და „წითელი ხიდი" საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ჯამში 1,690 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.