თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის ვაჟა-ფშაველას გამზირის სავალ ნაწილზე გამომავალი სავენტილაციო შახტის რეაბილიტაცია, აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სიტყვებით, იმისათვის, რომ შახტმა მოძრაობას არ შეუშალოს ხელი, მას გამყოფ ხაზზე გადაიტანენ, რომელიც მომავალში გამწვანდება, სავალი ნაწილი კი მოწესრიგდება.
„გზის სავალ ნაწილზე შახტის არსებობა სერიოზული პრობლემა იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ გზით სარგებლობს. დაახლოებით, 20-25 წელია, აღნიშნული ტერიტორია ამ მდგომარეობაშია. გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას, რათა მძღოლებმა შეუფერხებლად იმოძრაონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, პრობლემა სამ თვეში მოგვარდება.
როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ აღნიშნა, სავენტილაციო შახტის დიამეტრი დაახლოებით შვიდი მეტრია, სიღრმე კი - 36 მეტრი.
„მისი მეშვეობით გვირაბების ვენტილაცია-განიავება ხდება. შახტი იმ ადგილზეა განთავსებული, სადაც გზა უნდა გადიოდეს. შახტი გამწვანების თარგის ტერიტორიაზე გადავა და იგი ფუნქციონირებას სრულად განაგრძობს“, - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.
იგეგმება მოცემული შახტის გზაგამყოფ ზოლში გადატანა და გადახურვა ისე, რომ მან ფუნქცია არ დაკარგოს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.
„სირცხვილია!" – კალაძე თბილისის მეტროში არსებულ ვითარებაზე >>
პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის არსებულ საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა.