ილიკო სუხიშვილი ანსამბლის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს

გამოწერა
„სუხიშვილების“ ლეგენდარული ანსამბლი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი მაყურებელს სიურპრიზს უმზადებენ.

საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ თაყვანისმცემლების კიდევ ერთხელ გაოცებას გეგმავს – პროექტ „ტრანსფორმაციის“ „ცეკვა ქართულის“ კლუბური ვარიაციის შემდეგ დედაქალაქის მცხოვრებნი და სტუმრები კიდევ ერთ ნოვატორულ პროექტს – „ასსას“ იხილავენ.

პრემიერა 2019 წლის 10 მაისს მულტიფუნქციური ცენტრი „რესპუბლიკის“ სცენაზე იგეგმება. ახალი ცეკვის შემდეგ მაყურებლის წინაშე წარდგებიან ასევე ბერლინელი დიჯეი და პროდიუსერი დანიელ ბერხანი და ელექტრონული მუსიკის ქართველი შემსრულებლები.

ბილეთები უკვე იყიდება და მათი შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - tkt.ge. ბილეთების ფასი 40 ლარიდან იწყება.

„სუხიშვილების“ ექსპერიმენტები

„სუხიშვილების პროექტი „ასსა” – ქართული ნაციონალური ბალეტის საკლუბო ვერსიაა, დისკოთეკაზე გადატანის „ფოლკოთეკად” წოდებული წარმატებული მცდელობა. პროექტის შთაგონების წყარო ეროვნული ფოლკლორია“, – აღნიშნულია ღონისძიების ანონსში.

მცდელობა უდავოდ წარმატებულია. მაგრამ ექსპერიმენტი, მით უმეტეს, ქართულ ფოლკლორულ ტრადიციებზე ისე მკაცრად დაფუძნებული ცეკვის ანსამბლის მხრიდან, როგორიც „სუხიშვილებია“, ყოველთვის რისკის შემცველია.

2018 წელს ნაციონალური ბალეტის დასმა მაყურებელს შესთავაზა „ცეკვა ქართულის“ ახალი ვერსია ელექტრონული მუსიკის ფონზე. დადგმამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. შთამბეჭდავი იყო მოცეკვავეთა სრულიად განსხვავებული, თავისუფალი, ნელი, თითქოს მედიტაციური მოძრაობები.

© Youtube / Elene Partsvaniaსუხიშვილები. ცეკვა ქართული
ილიკო სუხიშვილი ანსამბლის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს - Sputnik საქართველო
სუხიშვილები. ცეკვა ქართული

ახალი ცეკვისთვის კოსტიუმებიც განსხვავებული შეირჩა: გოგონებს ეცვათ გრძელი, შავი, გამოყვანილი კაბები, რომლებსაც აცოცხლებდა ფერადი თავშლები, და კედები, ვაჟები კი ჰალსტუხსა და კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი. უცვლელი დარჩა მხოლოდ ქართული ხასიათი და ეროვნული მოტივები.

ნომრის წარდგენისას ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა მაყურებელს სთხოვა, გამოეთიშათ გონება და უბრალოდ დამტკბარიყვნენ ცეკვის ყურებით.

საზოგადოების რეაქცია

ნაციონალური ბალეტის პირველი მცდელობა, ძალები მოესინჯა კლუბურ ცეკვაში და ახლებური ინტერპრეტაციით წარმოეჩინა ქართული ხასიათი, ერთ-ერთ ხმაურიან განხილვის საგნად იქცა სოციალურ ქსელებში. აზრი ორად გაიყო: ერთნი „სუხიშვილების“ ექსპერიმენტმა აღაფრთოვანა, მეორენი კი აკრიტიკებდნენ ანსამბლს იმის გამო, რომ მან კლასიკურ ქართულ ცეკვებს უღალატა და ფოლკლორს დაშორდა.

რას შემოგვთავაზებს ანსამბლი ამჟამად და მოეწონება თუ არა „სუხიშვილების“ მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს წარმოდგენა, ამას სულ მალე გავიგებთ!

რით გაითქვეს სახელი „სუხიშვილებმა“

პატარა ქართველის „აჭარული“ ჰოვერბორდზე - Sputnik საქართველო
„მთავარია სუხიშვილმა არ ნახოს" – პატარა ქართველის „აჭარულმა“ ჰოვერბორდზე სოცქსელი ააფეთქა

პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ. სუხიშვილისა და რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მოწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

„სუხიშვილებმა“ მალევე მოიპოვეს მსოფლიო აღიარება, რომელიც დღემდე გრძელდება. ის გახდა ქართული ხალხური ცეკვის პირველი ანსამბლი, რომელიც მილანში „ლა–სკალას“ (La Scala) სცენაზე გამოვიდა 1967 წელს.

დღეს საყოველთაოდ აღიარებულ და ცნობილ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის უკვე მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.

ანსამბლმა ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. „მოდერნისტული ბალეტის“ პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.

ყველა ახალი ამბავი
0