თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი იცვლება, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მამუკა მუმლაძის განცხადებაზე დაყრდნობით.
კერძოდ, თბილისის მეტრო აღდგომის ღამეს 27 აპრილის 24:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, დროის ამ პერიოდში მეტროთი მგზავრობა იქნება უფასო.
ამასთან, თბილისში ორი დღის განმავლობაში (28-29 აპრილს) მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.
რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა რვა დამატებითი მარშრუტი, რომლებიც მეტროს სადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებენ. ეს მეტროს სადგურებია: „ვარკეთილი", „დიდუბე", „სადგურის მოედანი", „მარჯანიშვილი", „სარაჯიშვილი". ასევე „აფრიკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები, აღნიშნა მუმლაძემ.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 აპრილს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი, ხოლო 29 აპრილს 80 ერთეულამდე.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს კვირას, 28 აპრილს აღნიშნავს. კვირას და ორშაბათს, ტრადიციულად, მოსახლეობა ახლობლების საფლავებზე გადის.