თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ნარკოტიკებისთვის დაკავებულმა მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა აღიარა, რომ ჩანთა „ნივთიერებით“ მის ავტომობილში იდო, მაგრამ როგორ მოხვდა ის იქ, არ იცის, განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს>>
ჯიბღაშვილი კვირას, ღამით დააკავეს. ამჟამად ის მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. გამოძიების მონაცემებით, პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება ბიზნესმენის ავტომობილის ჩხრეკის დროს ამოიღო.
„ლევანი არ უარყოფს, რომ ნივთიერება აღმოჩენილი იქნა იმ ჩანთაში, რომელიც მისი ავტომობილიდან ამოიღეს. თუ როგორ, რა ვითარებაში აღმოჩნდა ეს ჩანთა მის მანქანაში, ან ეს ნივთიერება ამ პატარა ხელჩანთაში, ეს გამოძიების გასარკვევია. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოებთან. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება კონკრეტული პოზიციები“, – განაცხადა გიგუაშვილმა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯიბღაშვილს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.