თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერიტორიას სულ უფრო იშვიათად იყენებენ ტრანზიტული მიზნებით, ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი.
ორშაბათს ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში შესულია მონაცემები, რომლებიც უკავშირდება კორუფციის, ტერორიზმის საფრთხეების, კონტრდაზვერვის მუშაობას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ საფრთხეებთან ბრძოლას და პერსონალური მონაცემების დაცვას.
„მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები. ტერორიზმთან დაკავშირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მკაცრად კონტროლდება, ასევე მუდმივად ტარდება სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მონიტორინგი", – განაცხადა ლილუაშვილმა.
სუს-ის უფროსის მოადგილის სიტყვებით, უწყება მეთვალყურეობას ახორციელებს იმ მარშრუტებსა და არხებზე, რომლებიც, შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული.
„ამ თვალსაზრისით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას განსაკუთრებული აქტივობების შესახებ სუს-ი განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1,2 ათასამდე ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ფიქტიური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ბინადრობის ლეგალური უფლების მოპოვებას.
„აღნიშნული პირების გაძევების, ასევე მათი ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით სუს-ი აქტიურად და კოორდინირებულად მოქმედებდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად. სუს-ი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს საერთაშორისო აეროპორტების საკონტოლო-გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების მონიტორინგს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქვეყანაში არ შემოუშვეს 139 უცხოელი", – განაცხადა ლილუაშვილმა.
2018 წელს სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 21 ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი 48 ადამიანს დაეკისრა.