მეცნიერი: რატომ არის დაღუპული საქართველო ყველა დარგში და რა არის საჭირო ბედნიერებისათვის

© photo: Sputnik / Stringerხალხი მშვიდობის ხიდზე
ხალხი მშვიდობის ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო რანგის ქართველმა მეცნიერმა მამუკა კოტეტიშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“ კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

ქართველ მეცნიერს მამუკა კოტეტიშვილს 2005 წელს აშშ-ის მთავრობამ სამეცნიერო მიღწევებისთვის, გამოჩენილი მეცნიერის კატეგორიით, მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი მიანიჭა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორი, დოქტორი კოტეტიშვილი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტის, კერძოდ, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის კათედრაზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მისი აშშ-ში მოღვაწეობა ასევე უკავშირდება მსოფლიოში ბიოლოგიური სტანდარტების ლიდერ ორგანიზაციას ATCC-ს (American Type Culture Collections), სადაც ის მუშაობდა მეცნიერ-ექსპერტად. ასევე ამ ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭოს წევრიც გახლდათ.

© photo: Sandro Mirtskhulava / FBმამუკა კოტეტიშვილი
მეცნიერი: რატომ არის დაღუპული საქართველო ყველა დარგში და რა არის საჭირო ბედნიერებისათვის - Sputnik საქართველო
მამუკა კოტეტიშვილი

– ბატონო მამუკა, ადამიანის ინტერესის საგანს თავიდანვე წარმოადგენს სიცოცხლის დაბადების საიდუმლოს ამოცნობა, თქვენც ამიტომ ხომ არ შეაჩერეთ არჩევანი ისეთ სფეროზე, როგორიცაა ბიოლოგია?

– დიახ, ბავშვობიდან ყველაზე მეტად მსურდა სიცოცხლის დაბადების საიდუმლოს ამოცნობა და, შესაბამისად, ბიოლოგიაზე არჩევანი ამიტომაც გავაკეთე. ვინაიდან საგნის სირღმისეული შესწავლის წინაპირობა ყოველთვის მინიმუმიდან დაწყებაა, მაკროსამყაროების შეცნობამდე ჩემი ორიენტირი მიკრობიოლოგია და მოლეკულური გენეტიკა გახდა. ჩემ მიერ „ფილოსოფიური ქვის” ძიებამ დამარწმუნა, რომ სიცოცხლის დაბადების საიდუმლოს ამოცნობის თვალსაზრისით მსოფლიო კვლავაც ინფანტურ ფაზაშია და მივხვდი, რომ ბედნიერი ვიქნებოდი, თუ არსებულ ცოდნას თუნდაც მიკრობიოლოგიაში და/ან მოლეკულურ გენეტიკაში ერთ უმცირეს „აგურს” მაინც მივამატებდი.

© photo: courtesy of Mamuka Kotetishviliმამუკა კოტეტიშვილი
მეცნიერი: რატომ არის დაღუპული საქართველო ყველა დარგში და რა არის საჭირო ბედნიერებისათვის - Sputnik საქართველო
მამუკა კოტეტიშვილი

– ამბობენ, მეცნიერების მამოძრავებელი ძალა ცნობისმოყვარეობააო, თქვენ შემთხვევაში ყველაზე მეტ ცნობისმოყვარეობას რა იწვევდა?

– ჩემი სამეცნიერო საქმიანობა (სხვა რამ თითქმის არაფერი მიკეთებია ცხოვრების მანძილზე) რამდენიმე ეტაპს მოიცავს და, შესაბამისად, ცნობისმოყვარეობის ხარისხიც იცვლებოდა ყველა ეტაპზე. რაც უფრო სირღმისეულად ვცდილობდი ამა თუ იმ ბიოლოგიური ფენომენის შესწავლას და გარკვევას, მით უფრო „უპრეტენზიო” ხდებოდა ჩემი ცნობისმოყვარეობა. ჩემი ინტერესების თემას კრებით და ზოგად სახეს თუ მივანიჭებთ, ეს გახლავთ ინფექციური აგენტების, მათ შორის, სურსათისმიერი და ზოგადად „განსაკუთრებული მნიშვნელობის” პათოგენების წარმოშობისა და მათი ევოლუციის მოლეკულურ-გენეტიკური მექანიზმების შესწავლა. ამ ეტაპზე, რასაკვირველია, მაქვს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელთა ტესტირებაც მსურს. ამ ჰიპოთეზების ღიად წარმოდგენისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი.

© photo: courtesy of Mamuka Kotetishviliმამუკა კოტეტიშვილი
მეცნიერი: რატომ არის დაღუპული საქართველო ყველა დარგში და რა არის საჭირო ბედნიერებისათვის - Sputnik საქართველო
მამუკა კოტეტიშვილი

– უცხოელ კოლეგებთან ერთად თქვენ გამოაქვეყნეთ კვლევები ახალი და ხელმეორედ აღმოცენებადი ინფექციური დაავადებების პრევენციის თემაზე.

– ამ სფეროში, საბედნიეროდ, ჩემ მიერ მცირეოდენი წვლილის შეტანა ის პაწაწინა აგურები გახლდათ, რომელიც დიდი ცოდნის პირამიდის ნაწილი გახდა. რაც დრო გადის, მარტივად რომ ვთქვათ, პერიოდულად თავს იჩენს ძველად უკიდურესად პრობლემატური ინფექციური დაავადებები მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში. ამასთანავე ადგილი აქვს ახალი ტიპის პათოგენების აღმოცენებას, რომლებიც მანამდე ცნობილი არ იყო. ადამიანების და ცხოველების დაავადებების გამომწვევი მიკრობები და ისეთებიც, რომლებიც მანამდე დაავადებას საერთოდ არ იწვევდნენ, მუდმივ ევოლუციას განიცდიან, ტრანსფორმირდებიან და პერიოდულად მონსტრ პათოგენებად გვევლინებიან.

© photo: courtesy of Mamuka Kotetishviliმერილენდში ყოფნის დროს
მეცნიერი: რატომ არის დაღუპული საქართველო ყველა დარგში და რა არის საჭირო ბედნიერებისათვის - Sputnik საქართველო
მერილენდში ყოფნის დროს

– რომელია ყველაზე ხშირად განმეორებადი დაავადება და ყველაზე საშიში რომელია მათ შორის?

– ყველაზე გავრცელებულ ინფექციურ დაავადებად მსოფლიოში B ჰეპატიტი რჩება. ამ თვალსაზრისით ასევე პრევალირებს მალარია, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხშირი არ არის, მაგალითად, სურსათისმიერი ინფექციური სნეულებები, გამოწვეული სალმონელათი, კამპილობაქტერიით, ნაწლავის ჩხირით და ა.შ. ხშირად განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ინფექციური დაავადებების გამოვლენის პრაქტიკა ძალიან დაბალ დონეზეა და ამ დაავადებების სიხშირეზე ოფიციალური რეპორტები მხოლოდ წყალში ჩაძირული აისბერგის წვერს ჰგავს, რომელიც ზედაპირზე ჩანს. რაც შეეხება ინფექციური დაავადებების სიმწვავეს („ყველაზე საშიში”), აქ არ შეიძლება მსჯელობა სწორხაზოვნად, რადგან ამა თუ იმ ინფექციურ დაავადებასთან მიმართებაში არსებობს რისკ-ჯგუფები (მაგალითად, ჩვილი ბავშვები, ორსული ქალები, მოხუცები, იმუნოდეფიციტის მქონე ინდივიდები და ა.შ.). ამგვარად, ერთმა და იმავე პათოგენმა ადამიანთა სხვადასხვა პოპულაციებში, ჯგუფებში ან ინდივიდებში დაავადება შეიძლება სხვადასხვა სიმწვავით გამოიწვიოს და ზოგისთვის ის ფატალურიც შეიძლება იყოს. რასაკვირველია, არსებობს ზოგადად ისეთი განსაკუთრებულად საშიში ინფექციური სნეულებები, მაგალითად, ჯილეხი, შავი ჭირი, ბოტულიზმი, ტულარემია და ა.შ., რომელთა გამომწვევი აგენტები ბიოტერორიზმის ორგანიზმებად განიხილებიან. ამ ორგანიზმებით გამოწვეულმა დაავედებების აფეთქებებმა მასიური სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობაში, თუ დროული პრევენციული და მკურნალობის ზომები არ იქნება მიღებული.

© photo: courtesy of Mamuka Kotetishviliუცხოელ მეცნიერებთან ერთად
მეცნიერი: რატომ არის დაღუპული საქართველო ყველა დარგში და რა არის საჭირო ბედნიერებისათვის - Sputnik საქართველო
უცხოელ მეცნიერებთან ერთად

– თქვენთვის, როგორც ყოფილი საბჭოელი მეცნიერისთვის, ყველაზე უჩვეულო რა აღმოჩნდა ამერიკაში?

– ამ ქვეყანაში მეცნიერება, ადამიანის შრომა, ენერგია და გონება ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა და არავის აინტერესებს არც შენი წარმომავლობა, არც შენი გვარიშვილობა. იქ აინტერესებთ მხოლოდ შენი შრომა, გონება და პიროვნება. მახსოვს, 2002 წელს მე და ჩემმა კოლეგებმა გამოვაქვეყნეთ სტატია სალმონელას მოლეკულური ტიპირებისთვის ჩვენ მიერ შემუშავებულ ახალ მეთოდზე. ეს გახლდათ მაშინ ერთ-ერთი პიონერული კვლევა ამ სფეროში. ვინაიდან სტატიის პირველი ავტორი მე ვიყავი, დაინტერესებული მხარის მიერ კონტაქტი უშუალოდ ჩემთან შედგა. კერძოდ, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (რომელიც ფაქტიურად სამინისტროს ეკვივალენტურია) ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, დოქტორი მაიკლ კოტევიცი დამიკავშირდა. მან მაცნობა, რომ სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ჩემი კვლევით სალმონელაზე და სურს მოხსენებისთვის მიმიწვიოს. ჩემთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აშშ-ში სამინისტროს დონეზე ჩემი კვლევები ინტერესს გამოიწვევდა. დათქმულ დღეს ვეწვიე სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას და შესასვლელთან დოქტორი მაიკლ კოტევიცი დამხვდა. მან გამიწია გიდობა აღნიშნული ადმინისტრაციის შენობაში, ვეწვიე ლაბორატორიებს. მეცნიერებმა მოკლედ გამაცნეს ზოგიერთი მათი მნიშვნელოვანი კვლევები და ბოლოს მოხსენებამდე შევხვდი ამ ადმინისტრაციის სურსათის უვნებლობის სფეროს წამყვან ჩინოვნიკებსა და მეცნიერებს. მიღება ძალიან თბილი იყო. საუბრის დროს საქართველო გამახსენდა. ვუსმენდი მათ და შეკითხვას ვუსვამდი თავს – ჩვენთან სამინისტროს ჩინოვნიკი ევოლუციურ დივერგენციაზე და რეკომბინაციაზე თუ როდესმე ფიქრობს, ან საერთოდ როდესმე ან სადმე ყური თუ მოუკრავს ამ ფენომენების შესახებ? ამ დროს კიდევ უფრო კარგად მივხვდი, თუ რატომ იყო ჩვენი ქვეყანა ასე ჩამორჩენილი და დაღუპული თითქმის ყველა დარგში.

© photo: courtesy of Mamuka Kotetishviliმერილენდში ყოფნის დროს
მეცნიერი: რატომ არის დაღუპული საქართველო ყველა დარგში და რა არის საჭირო ბედნიერებისათვის - Sputnik საქართველო
მერილენდში ყოფნის დროს

– იმ თემებიდან გამომდინარე, რაზეც გიწევთ მუშაობა, რომელია დღეს ყველაზე დიდი საფრთხე კაცობრიობისთვის?

– საფრთხეების თავიდან აშორების საკითხებზე მსჯელობა ამ ფორმატში გაძნელდება და ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ ქვეყანაში მეცნიერების ფასი აბსოლუტურად არ არის გააზრებული. უკაცრავად და მეცნიერება მხოლოდ „სიტყვების რახარუხის” დონეზეა. წარმოდგენა არ აქვთ, მეცნიერებაში ჩადებული სერიოზული ინვესტიციები (თუ ოდესმე ამას ადგილი ექნება) როგორ განავითარებს დაავადებების პრევენციას და შეამცირებს ავადობის სიხშირეს. არასათანადო პრევენცია უზარმაზარ ადამიანური რესურსებისა და ეკონომიკურ დანაკარგებთან ასოცირდება სახელმწიფოში. რაც შეეხება ინფექციურ აგენტებს, როგორც საფრთხეებს, ამის შესახებ ზოგადად უკვე ზემოთ ვისაუბრეთ და მეტს არ დავამატებდი.

© photo: courtesy of Mamuka Kotetishviliამერიკაში ყოფნის დროს
მეცნიერი: რატომ არის დაღუპული საქართველო ყველა დარგში და რა არის საჭირო ბედნიერებისათვის - Sputnik საქართველო
ამერიკაში ყოფნის დროს

– „არამეცნიერული“ კითხვა: როგორ იცხოვროს ადამიანმა ისე, რომ ბედნიერი იყოს?

– პირადად ჩემთვის ბედნიერება არის პიროვნული თავისუფლება. ამერიკელებს აქვთ კარგი გამოთქმა – The sky is the limit (შესაძლებლობების უსაზღვროობა - რედ.). ვისაც ეს განუცდია, ამის შეგრძნება უდიდესი ბედნიერებაა. ეს ყოველივე შეუძლებელია დიდი სიყვარულის უნარისა და მისი რეალიზაციის გარეშე ადამიანთან და გარემოსთან მიმართებაში – ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც მოყვასს აბედნიერებ. მარტოსულობა ჩემთვის გენიოსებისგანაც კი ძალიან გაუგებარია...

 

ყველა ახალი ამბავი
0