თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენში ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„სირცხვილია!" – კალაძე თბილისის მეტროში არსებულ ვითარებაზე>>>
უწყების ცნობით, პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკმა 15 მლნ აშშ დოლარი გამოყო. ამ ეტაპზე პროექტის შედგენა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროს სადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ", – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 450 კილომეტრი სიგრძის ძალოვანი კაბელების შეცვლა, ასევე დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და ვენტილაციის ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი.
სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.
2018 წელს თბილისის მეტროში 305 დაზიანება დაფიქსირდა, 2019 წელს – 100. ამასთან, 30% შემთხვევებში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ–ია.