სპეცოპერაცია გორში: მამაკაცი ნარკოტიკების გასაღებისას დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეცოპერაცია გორში, ჭალის დასახლებაში დღეს ჩატარდა.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოავლინა: დაკავებულია ორი პირი

უწყების ცნობით, 12 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის მიმართ ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.

„პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა იმ დროს, როდესაც მან მოქალაქეს 3,5 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ ათ შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა", – აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია თანხა და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0