ნინი რაზმაძე
– რამდენი ხანია რაც გიგი ხატავს და ვინ აღმოაჩინა მასში ხატვის ნიჭი?
– გიგიმ ხატვა სამი–ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. მშობლებმა შევატყვეთ, რომ ხატვისადმი განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა. პირველი ნახატი ნამდვილად არ მახსოვს, რადგან 3 წლიდან ხატავს. როგორც ყველა ბიჭი, მაშინ ისიც ძირითადად ავტომანქანებით ინტერესდებოდა და სულ მას ხატავდა, დღემდე ვინახავ ასობით მის ნამუშევარს. როცა ფერწერაზე გადავიდა, ტილოზე მისი პირველი ნამუშევარი ტაძარი იყო.
– როგორ შეიცვალა გიგი მას შემდეგ, რაც ხატვა დაიწყო?
– ცვლილება, რა თქმა უნდა, დადებითი ცვლილებით მოხდა. ხატვისადმი სიყვარულმა გიგი უფრო კონტაქტური გახადა და თვითშეფასების განცდა აუმაღლა.
– როგორ იგონებს ამდენ განსხვავებულ პერსონაჟს?
– ეს კითხვა თავადაც არაერთხელ გამჩენია, თუმცა, პასუხი არ მაქვს. ჩემთვისაც ბევრი რამ აუხსნელი და წარმოუდგენელია, 260 პერსონაჟი ჰყავს თავისი გამოგონილი სახელებით და გვარებით, ფერებით ჰყავს დაყოფილი და ყველა განსხვავებულია თავისი გამომეტყველებით და თხრობის მანერით, ანუ არცერთი არაა იდენტური. ნამუშევრები მართლაც ბევრ რამეს ჰყვებიან, საინტერესოები და ფერადები არიან. მე, როგორც მისი გულშემატკივარი, ვამბობ რომ გიგის შემოქმედება ძალიან სერიოზულია.
– გიგის ქართული წარმოების ფაზლები... როგორ დაიბადა იდეა და რამდენ ხანში შეძლებს საზოგადოება მის შეძენას?
– ფაზლი მსოფლიოში აუტიზმის სიმბოლოდაა აღიარებული, იდეა ჩემია, მე მეკუთვნის. ვიფიქრე, როცა გყავს გიგისნაირი საინტერესო და შემოქმედებითი შვილი, თან აუტისტი, რატომაც არ უნდა გავაკეთო?! დავტესტე და ძალიან კარგი გამოვიდა, გიგის ძალიან უყვარს ფაზლების აწყობა და მასაც ძალიან გაეხარდა. გიგის ფერწერული ნახატების ფაზლები გაყიდვაში უახლოეს მომავალში ჩეშვება.
– ხატვის გარდა გიგი კიდევ რით არის დაკავებული?
– გარდა ხატვისა, გიგი ძერწავს, აკეთებს ქაღალდისაგან აპლიკაციებს, აქვს 100-ზე მეტი თავისი გამოგონილი მანქანა, ეს ძალიან შრომატევადია და თითოს შეიძლება რამდენიმე დღეც კი დაუთმოს. გიგის აქვს კონკრეტული მიზანი რასაც ის გულდასმით აკეთებს დაუღლელად, რასაც ყოველთვის შედეგამდე მივყავართ.
– როგორც ვიცი თავისი სახელოსნოც აქვს. როგორი რეაქცია ჰქონდა როცა საკუთარი სახელოსნო გაუხსენით?
– მისი პერსონალური სივრცე “გიგის სახელოსნო” ორი წლის წინ გავხსენით. ამ დღეს ის ყველაზე ბედნიერი იყო და სტუმრებს დიდი სიამოვნებით მასპინძლობდა.
– რა არის მისი ინსპირაციის წყარო?
– არ ვიცი გიგისთვის ინსპირაციის წყარო რა არის, ვფიქრობ რომ რაღაც ახალი უნდა შექმნას და სულ ძიების პროცესშია, რაც ჩანს მის შემოქმედებაში.
– სამუშაო პროცესზე მოგვიყვევით. როგორ იქმნება ნამუშევრები, როგორ იბადება იდეა და როგორია გიგი ხატვის პროცესში?
– სამუშაო პროცესს ძირითადად არ ვესწრები, რადგანაც მას განმარტოება და მყუდროება ურჩევნია. იდეა კი მართლაც უსაზღვრო აქვს, ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ გაკვირვებულს მტოვებს.
– გამოფენებშიც იღებს მონაწილებას...
– მის სახელზე 6 პერსონალური გამოფენაა. ორი გამოფენა დედაქალაქში და ოთხი ჩვენს ქალაქში, ზუგდიდში. კონკრეტულად ვერ გამოვყოფ ვერცერთ გამოფენას, რადგანაც თითოეულმა მათგანმა გიგის წარმატება მოუტანა.
– რა არის გიგისთვის ხატვა?
– ხატვა მისთვის ყველაფერია, მისი ყოველდღიური საქმიანობა, მისი წარმატების გასაღები და დამოუკიდებლობის გარანტია. ვფიქრობ, რომ გიგიმ ხატვაში იპოვა თავი და საკუთარი ბედნიერება. მისი ნახატების უმრავლესობას აქვს სახელი და თითოეულ მათგანს თავისებურად ხსნის. ზოგჯერ გაურკვევლადაც...
არის ნახატი, რომელიც გამორჩეულად უყვარს?
– თითოეული ნახატი მისთვის გამორჩეული და ძვირფასია, მე კი გამოვყოფ ერთ-ერთ მათგანს – ეს დედის პორტრეტია, რომელიც მაჩუქა.