თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მარნეულის რაიონის მერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა ზაურ დარგალი - ცერემონია პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის Facebook-გვერდზე გადაიცემოდა.
მმართველმა პარტიამ ხულოს მერობის კანდიდატი წარადგინა >>
მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. არჩევნები საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 12 თებერვალს რაიონის საკრებულომ 2017 წელს მერის პოსტზე არჩეულ თემურ აბაზოვს უფლებამოსილება შეუჩერა. აბაზოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მარნეულის მკვიდრ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე. ალახვერდიევმა მანამდე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
რაც შეეხება დარგალს, 2017 წლიდან ის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეა და კარგად იცნობს სიტუაციას რეგიონში, კერძოდ კი მარნეულის რაიონში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
„თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული ენერგიისა და მუხტის მატარებელია. ჩვენ, როგორც ერთი ქვეყნის შვილები საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვდგავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი“, - ასეთი სიტყვებით მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცერემონიაზე.
მისი თქმით, 2019 წელს ხელისუფლებამ გამოყო რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულში ახალი გზების, სკოლებისა და ბაღების ასაშენებლად, საირიგაციო სისტემების მოწყობის და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად.
„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა >>
პრემიერმა აღნიშნა, რომ მარნეული აგრარული რაიონია, რომელიც მთელს საქართველოს სურსათით ამარაგებს და მთავრობა მის განვითარებაზე იზრუნებს.
თავის მხრივ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას კეთილგონიერებისკენ მოუხმო.
„ოპონენტებს მინდა მივმართო, ნურავის ექნება იმედი, რომ ისინი რაიმე ფორმით შეძლებენ შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი გუნდი ამას არ დაუშვებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მარნეულის მერის არჩევნებზე დარგალის კონკურენტი იქნება აგილ მუსტაფაევი - 12 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედის.
მარნეულის რაიონი ცნობილია სერიოზული დაპირისპირებით „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მომხრეების დაპირისპირებით.
მერის წინანდელ არჩევნებზე, 2017 წელს, მარნეულში სერიოზული ბრძოლა წარიმართა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან არეულობის აღსაკვეთად სპეცნაზის ჩართვა გახდა საჭირო.
პარლამენტის შემდეგ საკრებულო: ვინ და რატომ ირჩევს ეკა ბესელიას გზას >>
საქართველოში 19 მაისს გაიმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ რაიონში – ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.