თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთთან ახლოს, სოფელ ცეცხლაურში მოეწყობა, იუწყება Ajara TV.
ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაცხადა 7 მილიონი ევროს ღირებულების სამუშაოების ჩატარებაზე, გაიმარჯვა თურქულმა კომპანია „გოგსინმა". ახალი ნაგავსაყრელი 18 თვეში გაიხსნება.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, კომპანიას საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ამ პროექტის ჩავარდნის საშიშროება არ არსებობს.
„ეს არის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ევროსტანდატების შესაბამისად განხორციელდება. ამ სფეროში ევროპული მიდგომა გულისხმობს ძალიან მაღალი სტანდარტის გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის ღონისძიებების გატარებას. მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება", – განაცხადა აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ტელეარხის ეთერში.
მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას კომპენსაციის სახით 2 მილიონი ლარი გამოეყო. 7 მილიონი ევროდან 4 მილიონი გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, კიდევ სამ მილიონს EBRD დახარჯავს.
ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პარალელურად ეტაპობრივად დაიხურება ბათუმისა და ქობულეთის ნაგავსაყრელები.