თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე შესწორებებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მესამე მოსმენით გატანილ კანონპროექტს მხარი დღეს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, საჭირო კი იყო მინიმუმ 56 ხმა. შესწორებებს წინააღმდეგ მისცა ხმა 8 დეპუტატმა. კანონმდებლებმა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესწორებები 5 აპრილს ჩააგდეს და აღნიშნული ფაქტი ტექნიკური პრობლემებით ახსნეს, რის გამოც აუცილებელი გახდა ორშაბათს რიგგარეშე სხდომაზე საკითხის ხელახლა კენჭისყრაზე გამოტანა.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა.
საქართველოში გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად – მე-11 და მე-12 კლასებში ტარდებოდა. „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესული შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში ატესტატის მისაღებად საჭიროა, რომ მოსწავლეებს ყველა საგანში ჰქონდეთ დადებითი შეფასება – 5 ან მეტი ქულა (10-ქულიანი სისტემით). მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში ჩაიჭრნენ ან სკოლის ექსტერნად დამთავრების ან კლასზე „გადახტომის" სურვილი აქვთ, ატესტატს ასევე იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ყველა საგანში დადებითი შეფასება ექნებათ.