რომელი ქრონიკული დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე

CC0 / Pixabay / ადამიანის ორგანიზმი
ადამიანის ორგანიზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ექიმი გიორგი შაქარიშვილი, რომელიც გიამბობთ, რა დაავადებები მწვავდება გაზაფულზე და როგორ უნდა დაიცვათ თავი.

დიდი ხანია შემჩნეულია, რომ შემოდგომასა და გაზაფხულზე თითქმის ყველა დაავადება მწვავდება.

არსებობს უამრავი დაავადება: მწვავე და ქრონიკული, მუდმივად პროგრესირებადი, მორეციდივე და სეზონური. ზოგი ჯანმრთელობის მსუბუქ დარღვევას იწვევს, ზოგი კი სიცოცხლისთვის სახიფათოა.

© photo: courtesy of Giorgi Shakarashviliგიორგი შაქარიშვილი
რომელი ქრონიკული დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარიშვილი

რატომ მწვავდება ქრონიკული დაავადებები გაზაფხულზე

  • ხანგრძლივი ზამთრის გამო ორგანიზმის რესურსები განლეულია;
  • ზამთარში ნაკლებ დროს ვატარებთ სუფთა ჰაერზე;
  • ძლიერდება მზის რადიაცია;
  • ატმოსფერული წნევა მერყეობს;
  • ორგანიზმი იოლად გადაცივდება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ან მერყეობის დროს;
  • ამ ყველაფერს თან ერთვის საგაზაფხულო ავიტამინოზი, იმუნიტეტის დაქვეითება და სტრესი.

ქრონიკული დაავადებების გამწვავების ადრეულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დროული მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. ამიტომ ადამიანები უნდა იცნობდნენ ქრონიკული დაავადებების გამწვავების ნიშნებს. 

შაქარიშვილი: ზამთრის შემდეგ ორგანიზმისთვის ვიტამინები აუცილებელია

წყლულოვანი დაავადებები ყველაზე გავრცელებული სეზონური უსიამოვნებაა. წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის ცხოვრების ზამთრის სტილიდან გამოსვლა დიდი უსიამოვნებების მომტანია, რადგან ზამთრის პერიოდში ადამიანთა უმრავლესობა არასწორად იკვებება, ხოლო გაზაფხულის დადგომისას ცდილობს შედარებით მსუბუქ პროდუქტებზე გადაერთოს. ორგანიზმიც მაშინვე იწყებს წინააღმდეგობის გაწევას.

დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც. გაზაფხულზე ადამიანები საკმაოდ თავშეუკავებლად იქცევიან – ადვილად ფეთქდებიან, ყვირიან, ნერვიულად რეაგირებენ შენიშვნაზე. მუდმივი სტრესი არცთუ იშვიათად დაავადების გამწვავების მიზეზად იქცევა. სახიფათო პერიოდში ჯობს რაციონიდან ამოიღოთ მწარე, მჟავე, ასევე – ყავა, თამბაქო და ალკოჰოლი.

შარდ-სასქესო სისტემის დაავადება

გაზაფხულის დამდეგს გახშირებულია ცისტიტისა და პიელონეფრიტის გამო ჩივილების მკვეთრი მატება. ამ დაავადებების სეზონური გამწვავების პირველი მიზეზი ორგანიზმის გადაცივებაა. ეს იმიტომ, რომ ქალბატონების დიდი ნაწილი გაზაფხულის დადგომისთანავე მსუბუქ ფეხსაცმელსა და თხელ სამოსზე გადასვლას ჩქარობს, მოსალოდნელ შედეგებს კი არ უფიქრდება.

ამგვარი პრობლემების პროვოცირება შეუძლია ინფექციებსაც და, თუ საუბარია ცისტიტზე, პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობასაც. თუ ცისტიტს დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა ქრონიკულად გადაიქცეს. ამიტომ დაავადების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, კერძოდ, გახშირებული და მტკივნეული შარდვისას და მუცლის ჭრისას რეკომენდებულია სასწრაფოდ მიმართოთ სპეციალისტს.

გიორგი შაქარიშვილი: გაზაფხულზე თითქმის ყველა დაავადება მწვავდება

ჰაიმორიტი

სეზონურად მწვავდება ჰაიმორიტიც. ეს მეტად არასასიამოვნო დაავადება ცხვირში ბანალური სისველის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს. ამ დროს გაჭედილ ცხვირს მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი ემატება. ჩვეულებრივი საშუალებები აქ უკვე ვეღარ დაგეხმარებათ.

სინუსიტები, რომელთა რიცხვს ჰაიმორიტიც მიეკუთვნება, კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს. უპირველესად, აუცილებელია რენტგენოგრაფია, ზოგჯერ კი საჭირო ხდება აღებული მასალის დათესვაც, რაც ანთების გამომწვევი ბაქტერიის გამოვლენის საშუალებას იძლევა.

დერმატოლოგიური დაავადებები

დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავება გაზაფხულის კიდევ ერთი ნიშანია. ეს იმის ბრალია, რომ ზამთრის განმავლობაში იმუნიტეტი სუსტდება და ორგანიზმი უმწეო ხდება ქრონიკული დაავადებების წინაშე.

საქმე ის არის, რომ გარკვეული, როგორც წესი, სებორეული ხასიათის ფაქტორების ზემოქმედებით ცხიმის წარმომქმნელი ჯირკვლები ფუნქციებს ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ. ამასთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების, მუდმივი სტრესისა და დეპრესიის თანდართვით მდგომარეობა შესაძლოა უფრო მეტად გაუარესდეს.

გარდა ამისა, აპრილში აქტიურდება თითქმის ყველანაირი მიკროორგანიზმი, რომლებიც კანზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ამინდის, ტენიანობის, ქარის სიჩქარის, ატმოსფერული წნევის ცვალებადობის გამო გაზაფხულზე პაციენტებში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მწვავდება. ეს განსაკუთრებით 55 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში იჩენს თავს.

გულ–სისხლძარღვთა უამრავ დაავადებას შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ამ კუთხით ჩატარებული კვლევების თანახმად, პირველ ადგილზე არტერიული ჰიპერტენზია, ე.წ. არტერიული წნევაა.

ცვალებადი ამინდის პირობებში სისხლძარღვს აქვს გაფართოება-შევიწროების უნარი. ამას ჰქვია ბარო- და ქემო-რეცეპტორები.

გაზაფხული გამოირჩევა იმითაც, რომ ამ დროს ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა დარღვეულია.

საქმე ისაა, რომ ზამთრის განმავლობაში ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში დუნედ მიმდინარეობს. ადამიანი არის მოდუნებული, ნაკლებს მოძრაობს, ირღვევა წონის კორექცია, რაციონში ჭარბობს ცხიმოვანი საკვები, ხოლო ვიტამინიზებული საკვები შედარებით ნაკლებია.  

შესაბამისად, აუცილებელია მოწესრიგდეს კვების რეჟიმი (უნდა მიიღოთ მცენარეული საკვები) და ასევე ძილის რეჟიმიც (რეკომენდებულია რვასაათიანი ძილი), მეტი დრო უნდა დაუთმოთ ფეხით სიარულსა და სეირნობას.

როგორ დავიცვათ თავი

არსებობს რამდენიმე გზა, რათა სეზონური გარდამავალი პერიოდი ნაკლები ზიანით გადაილახოს:

  • ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს, სახსრებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს;
  • ზაფხულში დრო უქმად არ დაკარგოთ – მოიმარაგეთ ვიტამინები, მიირთვით ბევრი ხილი, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • გაზაფხულსა და შემოდგომაზე ორგანიზმს მეტი ყურადღება მიაქციეთ;
  • გარდამავალ პერიოდში დაეხმარეთ ორგანიზმს: მიიღეთ პოლივიტამინები, მისდიეთ სპორტს, ცხოვრების ჯანსაღ წესს, იკვებეთ სწორად;
  • ყურადღება მიაქციეთ ქრონიკული დაავადებების სეზონურ გამწვავებას, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
ყველა ახალი ამბავი
0