თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საბაზისო და საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში შეუძლია უფასოდ აითვისოს სასურველი პროფესია. მიმართულებებს შორისაა ტურიზმი, მშენებლობა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსები, ჟურნალისტიკა, დიზაინი და სხვ. პროფგანათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ასაკის მიუხედავად.
მოქალაქეებს, რომლებიც აირჩევენ ტურიზმს, სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტს, შეუძლიათ ჩაირიცხონ დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც გულისხმობს სწავლას სამუშაო ადგილზე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პირადობის მოწმობის წარდგენით საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებსა და პროფესიულ კოლეჯებში. ასევე შესაძლებელია ონლაინ-რეგისტრაცია ამ ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ ისინი მიიღებენ სატელეფონო შეტყობინებას იმის თაობაზე, თუ სად და როდის შეძლებენ ტესტირების გავლას პროფესიულ კოლეჯში ჩასარიცხად.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც ადრე ენობრივი ბარიერის გამო არ შეეძლოთ პროფესიული განათლების მიღება, ახლა ტესტირების გავლას შეძლებენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ხოლო ჩარიცხვის შემდეგ მათ ქართული ენის შესწავლის საშუალება ექნებათ.
მამუკა ბახტაძემ იცის, როგორ დაასაქმოს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები>>
დეტალური ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს მსურველი პროფესიულ კოლეჯში, შესაძლებელია ამ ბმულზე.
განათლების რეფორმა
საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება.
ამ სფეროში მთავრობა რიგი არსებითი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.
გასულ წელს საქართველოში პროფესიული განათლება 12 ათასამდე სტუდენტმა მიიღო>>
საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად მაისიდან დაიწყება.
ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.
დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.
დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.
რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.