თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით „ბათუმობის" გამართვის თარიღი შეიცვალა და ღონისძიება სექტემბრის ნაცვლად აპრილში გაიმართება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" ბათუმის მერიის პრეს-სამსახურში.
„ბათუმობა" ტრადიციულად სექტემბრის დასაწყისში აღინიშნებოდა, თუმცა 2019 წლიდან ღონისძიება ყოველწლიურად 28 არილს ჩატარდება. წელს ბათუმელები ქალაქში თვითმმართველობის დაარსებიდან 131-ე იუბილეს იზეიმებენ.
დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატორი ბათუმის მერი ლაშა კომახიძეა, რომელმაც საკუთარ Facebook-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, თუ როდის არის უმჯობესი „ბათუმობის" აღნიშვნა – გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე? სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობამ პირველი ვარიანტი აირჩია.
დღესასწაული 12:00 საათზე დაიწყება და ღამის 02:00 საათამდე გაგრძელდება. წელს, როგორ წინა წლებში, ხელისუფლება ბათუმელებს სხვადასხვა გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებებში, დაათვალიერონ ფოტოგამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, დაესწრონ ფილმების ჩვენებას. დღესასწაულის პატარა სტუმრებისთვის კი საბავშვო კუთხე გაიხსნება.
საზაფხულო თეატრში კონცერტი 12:00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შემსრულებლები და ჯგუფები: ASEA SOOL, MELOMANIAKK, SEA SIDE, FOUR SEASONS, TWO X TWO, BLACK SEA, COGNAC, GEO PLANET, FREE SPACE, ასევე ირაკლი ფაღავა, ნუგზარ ერგემლიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, გიორგი ნაკაშიძე. 19:00 საათზე დაიწყება მიუზიკლი Welcome to Georgia.
კოლონადებთან იმპროვიზებულ სცენაზე ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძის, ნინო ქათამაძის, ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონის, სტეფანე მღებრიშვილის, ნინა სუბლატის, ნოდიკო ტატიშვილის, ლაშა ღლონტის, Young Georgian Lolitaz-ისა და სხვების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტის დასაწყისი 21:00 საათია.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს აჭარის სახელმწიფო კაპელა, რევაზ ლაღიძის სახელობის ქალთა გუნდი, კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი.
გალა-კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაიმართება.