საქართველოში „ღორის გრიპი“ ჯერ კიდევ ცირკულირებს - როდის ჩაივლის საფრთხე?

გამოწერა
საქართველოს მთავარმა ინფექციონისტმა ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა

 

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოში გრიპის სეზონი ორ კვირაში დასრულდება, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ.

ტკიპების სეზონი იწყება – პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს>>>

მისი თქმით, მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), ახლა ცირკულირებს H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც. ზამთრის სეზონთან შედარებით, ამ დროისთვის მოქალაქეები გრიპის ვირუსის სიმპტომებით სამჯერ იშვიათად მიმართავენ საავადმყოფოებს.

„ჯერ ისევ სიცივეებია, მაგრამ მალე დათბება, ვირუსები მალე გაქრება. გრიპი აგრესიული ვირუსი არ არის. არაფერი საგანგაშო არ ხდება. ჩვენს ვებგვერდზე შეიძლიათ ნახოთ, რომ ავადობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გასული წლის ამ დროს. უბრალოდ, ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ. ისეთი ვირუსებიც ცირკულირებს, რომელიც მხოლოდ სურდოთი მიმდინარეობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.

იმნაძე მშობლებს შეახსენებს, რომ ნორმალურია, როდესაც ბავშვი წელიწადში 4-6-ჯერ ავადმყოფობს. ასეთი ბავშვები არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. 

გრიპის ვირუსის გავრცელება – მოქალაქეები ნიღბებით დადიან - Sputnik საქართველო
„ღორის გრიპი“ უკან იხევს – ბოლო მონაცემები

დეკემბერ-იანვარში საქართველოში H1N1 ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი“ მძვინვარებდა. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ამ სეზონზე 22 ადამიანი შეადგინა. ამჟამად დაავადების შემთხვევები შემცირებულია, მაგრამ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ ცირკულირებს ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით, ასი ათას ადამიანზე ვირუსით დაავადების 104 შემთხვევა მოდის. ეპიდემიად ითვლება ასი ათას ადამიანზე დაავადების 450 შემთხვევა.

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა ასევე, რომ გაზაფხულზე თავს იჩენს ისეთი დაავადებები, რომლებსაც ტკიპები ავრცელებენ.

„მართალია, ასეთი დაავადებები ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტაა, მაგრამ ალბათობა არსებობს. ტკიპებით ვრცელდება ბორელეზი, რომელიც გაცილებით ხშირად გვხვდება ევროპის ქვეყნებში. ტკიპა ბუნებაში მანამ არსებობდა, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა, ასე რომ, ჩვენ მწერებთან სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა იმნაძემ.

იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, ტკიპების დაკბენისგან დამცავი საშუალებები სხეულის დაუფარავ ნაწილებზე გამოიყენონ. როგორც მან აღნიშნა, ტკიპები შეიძლება იყვნენ მძიმე დაავადებების გადამტანები, სწორედ ამიტომ ყველამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0