თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ბათუმში შაბათს, 6 აპრილს ძალოსნობაში ევროპის 98-ე ჩემპიონატი იწყება.
ტურნირში ევროპის 43 ქვეყნის 402 სპორტსმენი (215 მამაკაცი და 187 ქალი) მონაწილეობს. მედლები გათამაშდება 20 წონით კატეგორიაში (ათ-ათი მამაკაცებსა და ქალებს შორის).
ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობა თურქეთსა (30 ძალოსანი) და რუსეთს (29) ჰყავს. საქართველოს ბათუმში 17 სპორტსმენი - ოთხი ქალი და 13 მამაკაცი წარადგენს.
რა თქმა უნდა, ყურადღება ქართველი და არა მხოლოდ, გულშემატკივრისა მიპყრობილი იქნება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის გამოსვლების მიმართ.
ქართველი „გოლიათი" თავის წონით კატეგორიაში (+109) უდავო ფავორიტია. გამარჯვების შემთხვევაში, ის მეოთხედ მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.
ასევე ევროპის უძლიერესი ძალოსნის ტიტულს დაიცავენ ევროპის უძლიერესი სპორტსმენები - შოთა მიშველიძე (-61) და რევაზ დავითაძე (-89).
ტალახაძე: ჩემი წარმატება ქვეყნის წარმატებაა>>
საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე, გასულ კვირაში ბათუმში ყოფნისას, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების თემას შეეხო.
პრემიერის თქმით, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში იქნება იმის დადასტურება, რომ საქართველო არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლოა, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც ასეთი საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე მიღება შეუძლია.