სანდრა რულოვსმა არჩევნების წინ რეგისტრაციის ადგილი შეიცვალა

© photo: courtesy of Sandra Roelofsსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის მეუღლე პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდში სამუდამოდ საცხოვრებლად დარჩება.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატია ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია", ზუგდიდში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ზუგდიდის მერის არჩევნები: გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება>>>

საქართველოში 19 მაისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება. თბილისის მთაწმინდის რაიონში მცხოვრებლებს პარლამენტის დეპუტატის არჩევა მოუწევთ. ამავე დღეს გაიმართება რიგგარეშე მერების არჩევნები ხუთ რაიონში – ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

„დღეს ზუგდიდელი გავხდი, ვიყავი იუსტიციის სახლში და ჩემი საცხოვრებელი ადგილი, მისამართი აქ, ზუგდიდში დავაფიქსირე. ძალიან ამაყი ვარ… დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველა ზუგდიდელისთვის მისაღებია და მათ დავეხმარები მერის ამპლუაში, შემდეგ კი სამუდამოდ დავრჩები ზუგდიდში“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
არჩევნები მოახლოვდა – ხელისუფლება და ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადებიან

ყოფილი პირველი ლედი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იზრუნებს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის განვითარება, შიდა გზების კეთილმოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

სანდრა რულოვსს არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სანდრა რულოვსი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო. არჩევნების შედეგებით, რულოვსი პარლამენტში პარტიული სიით შევიდა. ის სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო, მაგრამ არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატთან დამარცხების შემდეგ უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ზუგდიდის მერის პოსტი 2018 წლის სექტემბერში გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. 1 ნოემბერს ექს-მერი გოგია და მისი პირველი მოადგილე გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0