დიდმა რეჟისორმა გიორგი დანელიამ კინემატოგრაფიაში ახალი მიმართულება შექმნა — ლირიკული კომედია კეთილი იუმორითა და ირიბი სარკაზმით. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „გიორგი დანელიას კინო“. ის ცნობილია თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებდა საკუთარ შემოქმედებას.
გიორგი დანელია დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში. ოჯახი 1939 წლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მამა, გენერალ–მაიორი ნიკოლოზ დანელია მუშაობდა ჯერ საგზაო ინჟინრად, შემდეგ შახტის უფროსად და სსრკ-ის მეტრომშენის მთავარ ინჟინრად. დედა, მერი ანჯაფარიძე წლების განმავლობაში მუშაობდა „მოსფილმში” რეჟისორის ასისტენტად, მეორე რეჟისორად და როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრეჟიანი ფილმი. ის გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის და.
მომავალმა რეჟისორმა თავდაპირველად მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა. 1954-55 წლებში მუშაობდა არქიტექტორად ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. არქიტექტურით გატაცება დაეხმარა შემდგომ სარეჟისორო მუშაობაში: „მომავალი სურათის ჩანაფიქრი ჩემთვის მისი ვიზუალური აღქმით, სურათის პროპორციების შერწყმით და თანაფარდობის რიტმით იწყება. პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და, როგორც ჩანს, ამ კვალის წაშლა შეუძლებელია". მოგვიანებით „მოსფილმის’’ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა, აღნიშნული კურსი მიხეილ რომის ხელმძღვანელობით გაიარა და 1959 წელს „მოსფილმის" სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა.
გიორგი დანელია პირველად ადრეულ ასაკში დაოჯახდა ირინა გინზბურგზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი – სვეტლანა დანელია. 1957-1984 წლებში მისი მეუღლე იყო ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებისათვის კინოს ისტორიაში (370 კინოროლი). იგი თითქმის მუდმივად ჩნდებოდა დანელიას იმჟამინდელ ფილმებში. მათი ვაჟი — რეჟისორი, პოეტი, მხატვარი ნიკოლოზ დანელია ტრაგიკულად დაიღუპა. 1984 წელს გიორგი დანელიამ კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე იქორწინა.
გიორგი დანელია რეჟისორია ფილმებისა: „არ დაიდარდო” (1969 წ.), „იღბლიანი ჯენტლმენები” (1972 წ.), „აფონია” (1975 წ.), „მიმინო” (1977 წ.) და სხვ. კომედიური ჟანრის პარალელურად დანელიამ შექმნა მელოდრამა „შემოდგომის მარათონი" (1979). ამ ლეგენდარულმა ფილმებმა მილიონობით მაყურებელს ლირიკული კომედიის განუმეორებელი სამყარო აჩვენა და დანელიასეულ სამყაროში ცხოვრების სურვილი გაუღვიძა.
1986 წელს დანელიამ გადაიღო არც თუ მთლად სამეცნიერო ფანტასტიკა „ქინ–ძა–ძა", რომლისთვისაც სპეციალური პრიზი მიიღო მადრიდში.
კინორეჟისორი ორჯერ გახდა „ოქროს პალმის რტოს” ნომინანტი ფილმებისათვის „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” (1964 წ.) და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” (1974 წ.).
გიორგი დანელიას არასდროს გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან. მის ფილმებში სისტემატურად მონაწილეობენ ქართველი მსახიობები და მოქმედების ადგილიც ხშირად არის საქართველო. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (1985). მისი სცენარების ერთ-ერთი თანაავტორია რეზო გაბრიაძე. ფილმების უმრავლესობისთვის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა, მანვე აჩუქა დანელიას მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის — „პატარა დანელიადა”.
დანელია 1989 წელს სსრკ-ის სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2000 წელს საქართველოს ღირსების ორდენი გადაეცა. თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის” წინ მისი სახელობის ვარსკვლავია გახსნილი.