თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე 12 მარტიდან 3 აპრილამდე მიმდინარეობდა.
ეს იყო რეგისტრაციის პირველი ეტაპი. უმაღლესი განათლების მიღების მსურველებმა შეავსეს სპეციალური ფორმები და აღნიშნეს ჩასაბარებელი საგნები და ქალაქები, სადაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2019 წელს აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ>>>
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 3 აპრილიდანვე დაიწყო და 7 მაისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევის შესაძლებლობა ეძლევათ.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი 7 მაისიდან დაიწყება და გაგრძელდება აგვისტოს დასაწყისამდე – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით. ამ პერიოდში აბიტურიენტებს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა ექნებათ.
წელს აბიტურიენტებს კვლავ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
რაც შეეხება სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, მიმდინარე წლის თებერვალში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.