თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. უკრაინის საარჩევნო კომისიების მიერ ბიულეტენების 70%-ის დათვლის შემდეგ ლიდერობს შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, რომელსაც ამ დროისათვის ხმათა 30,45% აქვს მიღებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით.
ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მხარს ამომრჩეველთა 16,19% უჭერს, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს – 13,15%, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისათვის“ ლიდერი იური ბოიკო მეოთხე ადგილზეა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 31 მარტს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველ ტურში კანდიდატთაგან ვერც ერთმა ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების მოგროვება. შესაბამისად, დანიშნულია მეორე ტური, რომელშიც მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი და, დიდი ალბათობით, პეტრო პოროშენკო მიიღებენ მონაწილეობას.
ამ დროის მდგომარეობით, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი „ბატკივშჩინის“ ლიდერს 3%-ით უსწრებს. ტიმოშენკოს შტაბმა ქვეყნის უშიშროების საბჭო ფალსიფიკაციასა და პროვოკაციებში დაადანაშაულა, ხოლო თავად პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შედეგები გააპროტესტოს.
დარღვევების თაბაზე საუბრობს პრეზიდენტობის კანდიდატი ბოიკოც, თუმცა უკრაინის ცესკო აცხადებს, რომ ხმის მიცემის პროცესში სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის შსს-ს მონაცემებით, პოლიციას, 31 მარტის საღამოს 10 საათის მდგომარეობით, 2,1 ათასი შეტყობინება ჰქონდა მიღებული დარღვევების თაობაზე და აღძრული იყო სისხლის სამართლის 39 საქმე.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებს, პირველად ისტორიაში, არ აკვირდებოდნენ რუსეთის მოქალაქეები. მოსკოვი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე რუსეთის დამკვირვებლების დაშვებაზე კიევის უარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას და ასევე არჩევნების შედეგების აღიარებას.
გარდა ამისა, მოსკოვი მიუთითებს, რომ რუსეთში საარჩევნო უბნების დაკეტვისა და ასევე დონბასში არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის გამო უკრაინის 7-10 მილიონმა მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.