თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დილით იმყოფებოდნენ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში, სადაც გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: ბიოგრაფია >>
ამის შემდეგ ისინი დაესწრნენ საჯარო ბიბლიოთეკაში მიმდინარე გამოფენას, სადაც წარმოდგენილია ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუ, ფოტოები და წიგნები. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ საიუბილეო მარკა გამოუშვა.
„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებულია... ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ნამდვილად არის დიდი სირცხვილი და ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. თითქმის ორი წლის შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს ის დაუდგენელ ვითარებაში სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა.
გამსახურდიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის მის ოჯახს არ სჯერა. 2015 წელს პროკურატურამ გამოძიება „მკვლელობის“ მუხლით განაახლა.
„ზვიად გამსახურდია იყო პატრიოტი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას მივაგოთ სათანადო პატივი”, - განაცხადა კობახიძემ.
გამსახურდიას სახელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობიდან გასვლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი.
„ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი“ – ივანიშვილი გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებაზე >>
გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში მისი როლი აღნიშნა.
„ამ დღეს – 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას. მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ თარიღს წარმოადგენს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იუბილესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შოთა რუსთაველის სახელობის ფონდთან ერთად დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც უცხოეთში ქართველოლოგიის განვითარებით დაკავებულ ქართველ მეცნიერებს გადაეცემათ. დაჯილდოების ცერემონია 31 მარტს გაიმართება.
გარდა ამისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი მიენიჭება.