თბილისი, 30 მარტი - Sputnik. დღეს „დედამიწის საათი" აღინიშნება, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„დედამიწის საათისადმი” მიძღვნილი ღონისძიება რიყის პარკში, 20:00-21:30 საათზე გაიმართება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, აუცილებლად ჩაერთონ კამპანიაში და მივიდნენ საღამოს რიყის პარკში. ხოლო მათ, ვინც ვერ ახერხებს სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან გასვლას, 20:30-დან 21:30-მდე ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარი თქვან.
„30 მარტს, 20:00-21:30 საათზე შემოგვიერთდი რიყის პარკში! თუ ვერ ახერხებ რიყის პარკში მოსვლას, ჩაერთე მოძრაობაში სახლიდან, სამუშაო ადგილიდან და ჩააქრე შუქი, 30 მარტს 20:30-დან 21:30-მდე. დაუკავშირდი დედამიწას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„დედამიწის საათი“
საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით იმართება. ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გამოხატონ თავიანთი მზრუნველობა დედამიწის მომავალზე.
„დედამიწის საათი“, ტრადიციისამებრ, მარტის მეორე ნახევარში იმართება. აქციის მიზანია, მოუწოდონ მთავრობებს, ადამიანებსა და ბიზნესს არა უბრალოდ ელექტროენერგიის ეკონომიისკენ, არამედ ბუნებისადმი ფრთხილი და სათუთი დამოკიდებულებისაკენ.
აქციის ჩატარების დრო უცვლელია - ყოველწლიურად „დედამიწის საათი“ ერთსა და იმავე დროს ტარდება - ადგილობრივი დროით 20.30-დან 21.30 საათამდე.
აქცია ნებაყოფლობითია. ადამიანები თავად წყვეტენ, რომელი ელექტრომოწყობილობები გამორთონ.
ორგანიზატორები, თავის მხრივ, მოსახლეობას ურჩევენ, ერთი საათით გამორთონ გარე განათება, რომელიც არ ახდენს გავლენას საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ნეონის სარეკლამო აბრები, ილუმინაცია, შენობებში კი - ოთახის განათება, მაგიდის სანათები, ტელევიზორები და ა.შ.
„დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს აღინიშნა. მაშინ აქციაში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 2008 წლიდან ღონისძიებას მსოფლიოს 35 ქვეყანა შეუერთდა.
ერთი საათით მსოფლიოს მრავალი ღირსშესანიშნაობის განათება გამოირთო, მათ შორის, რომის კოლიზეუმისა და სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭესი.
„დედამიწის საათს“ ყოველ წელს ახალი ქვეყნები უერთდებიან - თავიანთი მონაწილეობით ისინი აჩვენებენ, რომ მათთვის დედამიწის მომავალი სულერთი არ არის.
„დედამიწის საათი“ დღესდღეობით პლანეტაზე ყველაზე მასობრივი ეკოლოგიური აქციაა. 2018 წელს აქციაში მსოფლიოს 188 ქვეყანამ და ორ მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გამოირთო 18 ათასზე მეტი არქიტექტურული ძეგლის განათება.
აქციის ლოგოტიპი 2011 წლამდე იყო „60“, როგორც სიმბოლო 60 წუთისა, რომელსაც ადამიანები თავიანთ პლანეტას უძღვნიან. 2011 წლიდან კი ლოგოტიპია - „60+“, ანუ მოწოდება აქციის მონაწილეებისადმი, გადადგან კიდევ ერთი ნაბიჯი დედამიწის კეთილდღეობისკენ და გასცდნენ ერთი საათის ფარგლებს.
„დედამიწის საათი“ საქართველოში
საქართველო ამ მასშტაბურ აქციას მეთერთმეტედ უერთდება.
„დედამიწის საათთან“ დაკავშირებით 2018 წელს თბილისში გამოირთო მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, ყველა საჯარო დაწესებულების შენობის, თითქმის ყველა საელჩოს, გაეროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობების, თბილისის სატელევიზიო ანძის განათება. აქციას კერძო სექტორიც შეუერთდა.
ერთი საათის განმავლობაში გამოირთო წმინდა გიორგის მონუმენტის, ნარიყალას, მშვიდობის ხიდისა და სხვა ღირსშესანიშნაობების განათება.
„დედამიწის საათში“ მონაწილეობა საქართველოს რეგიონებმაც მიიღეს.