თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი თუთაშვილმა თბილისის გრან–პრიზე 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თუშიშვილის მეტოქე იყო ტალ ფლიკერი ისრაელიდან, რომელსაც IJF–ის რეიტინგში მეხუთე ადგილი უკავია და თბილისის გრან–პრიზე პირველ ნომრად არის განთესილი.თავად თუთაშვილს ამ ფინალამდე საერთაშორისო რეიტინგში არც ერთი ქულა არ ჰქონია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ სპორტსმენს საერთაშორისო გამოცდილება არ ჰქონია, მან შესანიშნავად წარმართა ფინალური ორთაბრძოლა, მაგრამ ფლიკერის უფრო მაღალი კლასი შეჯიბრებაში აისახა და მან ერთი ვაზარით მოიგო.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიგო ბაგრატ ნინიაშვილმა. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაგიმოვს მოუგო. ნინიაშვილისთვის ეს გრან–პრის სერიიდან ტურნირებზე უკვე მეორე გამარჯვებაა. გასულ წელს მან ანტალიაში გაიმარჯვა.
მეორე ბრინჯაო ამ წონით კატეგორიაში ერგო ესპანელ დანიელ პერესს, რომელმა ინდოელ ჯასლინ საინის სძლია.
საქართველომ თბილისის გრან–პრიზე ძიუდოში უკვე პირველი მედლები მოიპოვა>>
ამგვარად, საქართველოს ძიუდოს მამაკაცთა ნაკრებმა შეჯიბრების პირველ დღეს ოთხი მედალი მოიპოვა. მანამდე ტურნირის გამარჯვებული გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი (–60 კგ), ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაო მოიგო.
ქალთა შორის თბილისის გრან–პრის გამარჯვებული 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გახდა მელანი კლემენი საფრანგეთიდან. მან ფინალში უკრაინელ დარია ბელოდედს სძლია. 52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქრო იტალიელმა ოდეტე ჯუფრიდმა მიიღო.
თბილისის გრან–პრის მეორე დღეს, 30 მარტს, მამაკაცები იასპარეზებენ 73 და 81 კილოგრამამდეწონით კატეგორიებში, ხოლო ქალები – 63 და 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში.