თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა.
ამ კვირიდან საქართველოში 244 სოციალური მუშაკიდან გაფიცულია 180. ისინი მოითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებას, თანამშრომლების შტატის გაზრდას, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფას, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის ოთახების მოწყობას.
ოთხშაბათს ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკებს შესთავაზა გეგმა მათი ოთხპუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად. თავდაპირველად გაფიცულები ამ გეგმას არ დათანხმდნენ. თუმცა დღევანდელი შეხვედრის შედეგად, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, მინისტრის თქმით, სოცმუშაკები უწყების წინადადებების განსახილველად მზად არიან.
„ისინი სოციალურ მუშაკებს ყველაფერს გააცნობენ, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტის შესახებ. ამიტომ ვფიქრობ, ხვალიდან გაფიცვა შეწყდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სოცმუშაკების ხელფასი ცხრა თვის შემდეგ გაიზრდება და 1200 ლარს შეადგენს. ამჟამად სოცმუშაკების ხელფასი თბილისში არის 666 ლარი, ხოლო რეგიონებში – დაახლოებით 620 ლარი.
„გეგმა, რასაც ვაპირებთ, მათთვის უმეტესწილად მისაღები აღმოჩნდა“, - განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, სოცმუშაკები ელოდებიან, რომ უწყებაში მათ განუმარტავენ, როდის გადაწყდება მათი პრობლემები.
„ჩვენ გაფიცვის რეჟიმში ვრჩებით. ველოდებით დოკუმენტს, სამოქმედო გეგმას, რომელშიც იქნება მითითებული ჩვენი მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ვადები. დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრთან ჩვენ გავიგეთ, რომ ის არ იყო ინფორმირებული ბევრი პრობლემის შესახებ, რომლებსაც ჩვენ მუშაობაში ვაწყდებით. მან არ იცოდა ბევრი მწვავე თემის შესახებ. მან ბოლომდე მოისმინა ჩვენი პოზიცია, მისი მხრიდან იგრძნობოდა მხარდაჭერა“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ქუთაისელმა სოცმუშაკმა ნათია წივწივაძემ.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, დამტკიცებულია მინისტრის ბრძანება „სოციალური მუშაობის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის თანახმად ისინი ადმინისტრაციული საქმიანობისგან გათავისუფლდნენ. ამასთან ერთად იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადება. შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევლენ სოციალური მუშაკები, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ყველა რეგიონში გაგზავნეს თითო-თითო ავტომობილი, რომლებიც მათ განკარგულებაში იქნება.
უწყებაში გაითვალისწინებენ სხვა საჭიროებებსაც და აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და აუცილებელი რესურსის აღწერა. გადაიხედება და მკაფიოდ გაიწერება სოციალური მუშაკების ფუნქციები და აუცილებელი რაოდენობა. მათთან ერთად იმუშავებენ ფსიქოლოგები და იურისტები, გარდა ამისა, გაიზრდება თავად სოცმუშაკების შტატი.
სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკების რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება და გადაიხედება მათი ხელფასის გაზრდის საკითხი, რომელიც დადგენილია 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“.