თბილისი, 28 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარნეულის საკრებულოს თანამშრომელს გამოძიება 3 ათასი ლარის ქრთამის სახით აღებას ედავება.
უწყების ცნობით, რაგიმ ასკეროვი მოქალაქეს, 3 ათასი ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. მოქალაქეს აღნიშნული თანხის ნახევარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით უნდა გადაეცა.
საკრებულოს თანამშრომელი მოქალაქეს 7 მარტს მარნეულში შეხვდა.
„შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა. სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.