თბილისი, 28 მარტი - Sputnik. პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება მძიმე დანაშაულია და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დანაშაულის მორიგი ფაქტის კომენტირებისას.
დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები სოციალურ ქსელში 28 იანვარს გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით. იმავე დღეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს 18 პირი. ეს ადამიანები ინახავდნენ ვიდეოჩანაწერს და მასობრივად ავრცელებდნენ სოციალური ქსელისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მათ 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბესელიას ვიდეოს გამავრცელებელი სომხეთის ციხეში სასჯელს იხდის >>
იმის შესახებ, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები გაჩნდა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სამშაბათს განაცხადა. შსს-მ უკვე დააკავა მოზარდი, რომელმაც Youtube-ზე ეს კადრები ატვირთა.
„საკითხი, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებას, არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამის გამართლება არანაირი არგუმენტით არ შეიძლება. ჩვენ ყველანი, მთელი საზოგადოება უნდა ვიყოთ და ვართ დაინტერესებული, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენის რომელიმე ეტაპზე იქნება იდენტიფიცირებული, იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ბახტაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ შსს მუშაობს დანაშაულის სხვა მონაწილეების გამოვლენაზე, თუმცა ზოგადად კიბერდანაშაულის გამოძიება ძალიან რთულია.
„ზოგადად, კიბერდანაშაული არის ძალიან კომპლექსური დანაშაული და ეს არის 21-ე საუკუნეში გამოწვევა ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ კიდევ ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი საქართველოში. კარგად გვესმის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი რესურსები, დამატებითი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან კიბერდანაშაული თავისი შინაარსით არის ძალიან რთული ტიპის დანაშაული და მასთან ბრძოლა არის ძალიან რთული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავად ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას ამჯერად უკავშირებს თავის წასვლას მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ბრუნდება >>
„არ არის აქამდე ან ვერ არის დამკვეთი ნაპოვნი. ველოდები პირველ საქმეზეც დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამჯერად დაკავებული მოზარდის ადვოკატმა, ლევან დავითაიამ განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ვიდეოს გავრცელების ფაქტი დაადასტურა, მაგრამ მას ნაკლებად ესმის, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული.
„საკმაოდ ბავშვური, ასაკთან შესაბამისი პასუხი აქვს, რომ Youtube-ზე მუდმივად ტვირთავდა გარკვეული თემატიკის ვიდეოებს იმისთვის, რომ Like-ები დაეგროვებინა და რეიტინგული არხი გამხდარიყო. ანგარებითი მიზანი არ ჰქონია“, - განაცხადა Rustavi2-ს ეთერში ლევან დავითაიამ.
ადვოკატის თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა სკანდალური ვიდეო მიიღო იმავე გამომგზავნისგან, ვისგანაც ის სხვა ბრალდებულებმა მიიღეს.
„ამ ვიდეოს გამომგზავნი ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც ბატონი მჟავანაძესთან მიმართებაში, ასევე სხვა დაკავებულებთან მიმართებაში და დღემდე არხი, რომლითაც ეს პიროვნება ვიდეოებს უგზავნის, ალბათ, ყველას, ჯერაც არ არის შეზღუდული, აღკვეთილი და კვლავ ხდება ამ პიროვნებისგან ვიდეო ფაილების გავრცელება“, - აღნიშნა დავითაიამ.