თბილისი, 27 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების თანახმად, საქართველოში შემოსვლაზე 2019 წლის იანვარ-თებერვალში უარი დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს უთხრეს. ეს ათასით მეტია ერთი წლის წინანდელ მონაცემზე.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმყოფებოდა 998,2 ათასი ვიზიტორი (+0,2%). ყველაზე ხშირად ამ პერიოდში ქვეყანაში შემოდიოდნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
მხოლოდ იანვარში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის დაახლოებით 1,6 ათას მოქალაქეს, ხოლო თებერვალში – დაახლოებით 1,7 ათასს. ამ მხრივ ლიდერობენ ირანის, ინდოეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
ყველაზე ხშირად ვის უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე
ქვეყნის მოქალაქეები | იანვარი | თებერვალი |
ირანი | 576 | 564 |
ინდოეთი | 366 | 428 |
აზერბაიჯანი | 124 | 141 |
თურქეთი | 116 | 102 |
თურქმენეთი | 72 | 102 |
ამას გარდა, საქართველოდან იანვარში გააძევეს ოთხი ადამიანი – ბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის მოქალაქეები. თებერვალში ქვეყანა იძულებით დატოვა ეგვიპტის ოთხმა მოქალაქემ, ირანის ოთხმა მოქალაქემ, ასევე ერაყის, თურქეთისა და პაკისტანის თითო-თითო მოქალაქემ.
საქართველოს შსს ცალკე აქვეყნებს სავიზო რეჟიმის დარღვევების სტატისტიკას, უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ყოფნის წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეები.