ადამიანის სხეულის ღერძი - ეს ხერხემალია, ანუ ძვლოვანი სისტემა. ამიტომ ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის სწორედ ჩონჩხისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა.
ძვლოვან სისტემას სერიოზულ პრობლემას უქმნის კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობა.
რომელი პროდუქტებია სასარგებლო ძვლების გამაგრებისთვის, როგორ უნდა იკვებოს ადამიანი, რომ საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინერალები მიიღოს, ამის შესახებ ექიმი- ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი“ საუბრობს.
— როდესაც გვინდა, დავზოგოთ და გავუფრთხილდეთ ძვალ-სახსართა სისტემას, ყოველთვის ვაფრთხილებთ ხოლმე ჩვენს მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგ საკვებ ნივთიერებაზე ყურადღების გამახვილება. განსაკუთრებით, კალციუმსა და D ვიტამინზე.
თუ ორგანიზმი კალციუმის ნაკლებობას განიცდის, მინდა გთხოვოთ, რაციონში აუცილებლად გაითვალისწინეთ რძის პროდუქტები, რძის ნაწარმი. ეს არის კალციუმის უნიკალური წყარო.
ასევე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გვჭირდება ხოლმე იმის შეხსენება, რომ ბოსტნეულიცა და ხილიც შეიცავს მცირე რაოდენობით კალციუმს. განსაკურებით, თუ პროდუქცია არის საქართველოში მოყვანილი, ანუ ენდემურია.
კალციუმს შეიცავს ასევე მარცვლოვანი პარკოსნებიც.
ამ პროდუქტების სწორი გამოყენება გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ ორგანიზმისათვის ადეკვატური რაოდენობის ვიტამინები. მაგრამ ამას უფრო პროფილაქტიკური და დამხმარე დატვირთვა აქვს.
თუ ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ კალციუმის ღრმა დეფიციტი გაქვთ, ასეთ შემთხვევაში ექიმთან შეთანხმებით ხდება კალციუმის მისაღები დოზის განსაზღვრა. ენდოკრინოლოგი ძვლის სიმკვრივეს შეაფასებს და დაადგენს, რა რაოდენობის კალციუმი უნდა მიიღოს თქვენმა ორგანიზმმა.
— რამ შეიძლება წარმოქმნას კალციუმთან დაკავშირებული სირთულეები?
— ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ორგანიზმში კალციუმის ცვლა ირღვევა თირკმლის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. ასევე ირღვევა D ვიტამინის ცვლაც. ამის დასადგენად ჩვენ უნდა გავაკეთოთ ორი რამ:
პირველი — შარდის საერთო ანალიზი, რაც რატომღაც დაივიწყა საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, შარდში ცილის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზამკვლევი იმისთვის, რომ შემდეგ ექიმმა უფრო ნატიფი კვლევები ჩაატაროს.
მეორე — კრეატინინის შეფასება, როდესაც უნდა გავარკვიოთ, როგორ მუშაობს თირკმელი, რამდენად კარგად ასრულებს საკუთარ ფუნქციებს.
თუ ზემოთ ნახსენები ცვლილებები გამოგივლინდათ, აუცილებლად უნდა შეფასდეს კალციუმისა და D ვიტამინის სტატუსი.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ხელოვნურად დაკარგული კალციუმის პრობლემა. შესაძლოა ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, კალციუმის შემცველი პროდუქტებიც მივიღოთ და ორგანიზმიც ჯანმრთელი იყოს, მაგრამ, ერთი მხრივ ხელოვნურად შევუქმნათ ბარიერი კალციუმს შეწოვისათვის, მეორე მხრივ, ასევე ხელოვნურად შევუწყოთ ხელი კალციუმის დაკარგვას.
მაგალითად, როდესაც ვსაუბრობ ხოლმე რკინისა და კალციუმის შემცველი პროდუქტების ერთდროულად მიღებაზე, ხშირად მომყავს მაგალითად ის ფაქტი, რომ ხორციან კერძებზე ყველის მიტანება ძალიან ბევრს უყვარს. ეს შესაძლოა ძალიან გემრიელია, მაგრამ რკინასა და კალციუმს შორის კონკურენცია არსებობს, ამიტომ ორგანიზმმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს აითვისებს. შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ორივე არასაკმარისი რაოდენობით აითვისოს, ან ერთ-ერთის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. ამიტომ რკინისა და კალციუმის შემცველ პროდუქტებს შორის აუცილებელია ორსაათიანი ინტერვალის დაცვა.
ასევე სერიოზული მნიშვნელობა აქვს გაზიანი სასმელებით გატაცებას, მაგალითად, ენერგეტიკული სასმელებით, რომლის მიღებისასაც კალციუმის გამოლექვა ხდება. გარდა გაზისა, ენერგეტიკული სასმელები შეიცავს კოფეინს, რომელსაც ასევე ახასიათებს კალციუმის გამოდევნა ძვლებიდან.
ჩემი რჩევაა, თუ გარკვეული ჯგუფის პრეპარატებს იღებთ, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ თუ ჰორმონულ პრეპარატებს, აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია კვებასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ ამ პრეპარატების ხანგრძლივად მიღების ფონზე ორგანიზმი კალციუმსაც კარგავს და D ვიტამინსაც.
— რა პროდუქტში გვხვდება D ვიტამინი?
— D ვიტამინი მზა სახით მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში გვაქვს. ეს უპირველს ყოვლისა არის თევზეული და ზღვის ზოგი პროდუქტი. D ვიტამინის მზა სახით მიღება ასევე შესაძლებელია კვერცხის გულიდან, ღვიძლიდან, კარაქიდან და მცირე რაოდენობით რძის ნაწარმიდანაც.
გახსოვდეთ სწორი კვება თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა. გისურვებთ ჯანმრთელობას!