თბილისი, 27 მარტი — Sputnik. უცნობმა პირებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მინისტრის სახლი წყნეთში, გოგებაშვილის №20-ში მდებარეობს.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
„სახლის გატეხვის ფაქტზე ვერაფერს გეტყვით. ეს პირადი საკითხია", – განუცხადა ქობულიამ ჟურნალისტებს.
მანამდე მძიმე კრიმინოგენული ვითარების მსხვერპლი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გახდა. 14 მარტს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე უცნობმა პირმა დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სეიფში გარკვეული ოდენობის თანხა და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.
პოლიციამ 30 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით 16 მარტს დააკავა.