თბილისი, 24 მარტი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო „მილანისა“ და „ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბების ვეტერანებს შორის გამართულ საქველმოქმედო მატჩში, რომელიც „ენფილდის“ სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრა „ლივერპულის“ სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 დასრულდა, კალაძე კი მინდორზე სასტარტო შემადგენლობაში გავიდა.
მასპინძელმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა - რობი ფაულერმა გლენ ჯონსონის გადაცემა გოლად აქცია. მეორე ტაიმის შუა პერიოდში მასპინძელმა უპირატესობა გააორმაგა - თავი ჯიბრილ სისემ გამოიჩინა.
„გულშემატკივარი ისიამოვნებს“ - კალაძე ემზადება მატჩისთვის „მილანი“ vs „ლივერპული“ >>
თუმცა, „მილანს“ ფარხმალი არ დაუყრია და ანგარიში გათანაბრდა. 61-ე წუთზე გოლი ანდრეა პირლომ გაიტანა, 78-ე წუთზე - ჯუზეპე პანკარომ.
და მაინც, საბოლოო სიტყვა „ლივერპულმა“ თქვა. შეხვედრის ბოლო წუთზე (თითოეული ტაიმი 40 წუთს გრძელდებოდა) მასპინძლებს გამარჯვება შორეული დარტყმით სტივენ ჯერარდმა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ფეხბურთელების უმრავლესობა უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის მონაწილეები იყვნენ, რომელიც „ლივერპულსა“ და „მილანს“ შორის 2005 და 2007 წლებში გაიმართა. პირველ შემთხვევაში პენალტების სერიაში ინგლისელებმა გაიმარჯვეს (ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 3:3 დასრულდა), ხოლო ორი წლის შემდეგ უძლიერესი იყო „მილანი“, რომელმაც 2:1 მოიგო.
მატჩი „ლივერპულისა“ და „მილანის“ ლეგენდებს შორის ორგანიზებულია LFC Foundation-ის - საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ლივერპულში“ 10 წლის წინ დაფუძნდა. მატჩზე შემოსული ყველა თანხა ორგანიზაციის ფონდში გადაირიცხება.