თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ჩადენის ფაქტებზე ხონის სატყეო უბნის ყოფილი ტყის მცველი, გ.ქ. დააკავეს, ნათქვამია საქართელოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ხონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყის მცველის სამოქმედო ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა.
უწყების ინფორმაციით, როცა გ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელთა მიხედვით, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს გ.ქ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი.
„რეალურად, გ.ქ.-ს ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარეზე გამოძიება სსკ 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.