სმიტების მკვლელობა: როგორი იქნება ნაფიცი მსაჯულების საბოლოო განაჩენი

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეს ბრალდებულის თხოვნით ნაფიცი მსაჯულები იხილავენ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ნაფიცი მსაჯულები მწყემს მალხაზ კობაურის საქმეზე განაჩენს, რომელსაც ბრალი ედება ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში, მარტის ბოლომდე გამოიტანენ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

2018 წლის ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს. მკვლელობაში 19 წლის კობაურს ედება ბრალი, რომელიც სმიტების ოჯახს გიდობას უწევდა. ნაფიცი მსაჯულები თავად ბრალდებულმა მოითხოვა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
სმიტების ოჯახის მკვლელობის ქრონოლოგია – პროკურატურამ ახალი დეტალები გამოაქვეყნა

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა და პროცესზე 40-მდე მოწმე დაკითხა. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების შესწავლით გაგრძელდება.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები გავლენ სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად", – ნათქვამია განცხადებაში.

სმიტების მკვლელობა: მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა>>>

ამასთან, კობაურის ადვოკატები უკმაყოფილო არიან გამოძიების მსვლელობით.

„პროკურატურამ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების 95% საქმიდან გაიტანა და 100-მდე მოწმეზე უარი თქვა. ისინი ამ ფორმით ცდილობენ ბრალის დამტკიცებას, რაც სრულიად წარმოუდგენელია", – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენციაზე.

კობაიძე მიიჩნევს, რომ კობაურის ბრალის დამამტკიცებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

კითხვები აქვს კობაურის მეორე ადვოკატ ვასილ მამულაშვილსაც, რომელიც პროკურატურისგან განსხვავებით ამტკიცებს, რომ დაკითხული იყო 20 მოწმე. როგორც იგი აღნიშნავს, მოწმეების ეს რაოდენობა ნაკლებად მძიმე საქმეების შემთხვევაშიც კი არასაკმარისია.

„ვვარაუდობთ, რომ ეს სტრატეგიაა, მაგრამ რისკენ არის მიმართული, არ ვიცით. პროკურატურამ არ გამოკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები, ხადას მცხოვრებლები, არც ძირითადი გამომძიებელი. ფაქტია, არსებობს კითხვის ნიშნები. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ ვერ ჩაეტივნენ შემჭიდროებულ ვადებში", – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, თუ მარტის ბოლომდე განაჩენი არ იქნება ცნობილი, კობაურის პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური, ანუ ცხრათვიანი ვადა ამოიწურება და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მისი გათავისუფლება გახდება აუცილებელი.

დანაშაულის ისტორია

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 4 ივლისს კობაური ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტებს და მათ ოთხი წლის შვილს შეხვდა, რომლებიც ხეობაში ტურისტებად იმყოფებოდნენ. მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მოგვიანებით კობაურმა მიბჯენით თავში ესროლა ოთხი წლის ბავშვსაც. რაიან სმიტის ცხედარი კობაურმა ახლოს მდებარე მდინარეში ჩააგდო, ხოლო ბავშვი თოვლის ქვეშ, დანაშაულის ადგილთან ახლოს, რამდენიმე მეტრში დამალა. შემდეგ მწყემსი ლორა სმიტთან დაბრუნდა, ანგარიშსწორების მუქარით გააუპატიურა, შემდეგ დაახრჩო მდინარეში და იქვე დატოვა მისი ცხედარი, იუწყება პროკურატურა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სმიტების ოჯახის მკვლელობა - ადვოკატს ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლისა ეშინია

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სანადირო თოფის ლულაზე, რომლითაც მწყემსმა ამერიკელების ოჯახი დახოცა, აღმოჩენილია 4 წლის ბავშვის გენეტიკური მასალა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გასროლა მიბჯენით მოხდა.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საფანტის ფრაგმენტები, რომლებიც მოკლულების ცხედრებიდან ამოიღეს, იმავე ტიპის იარაღს ეკუთვნის, რომელიც მწყემსს ჰქონდა. თავად იარაღი გამომძიებლებმა მწყემსების დროებითი საცხოვრებლიდან 30 მეტრში, საწვიმარში გახვეული აღმოაჩინეს.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გაუპატიურების მუხლით.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0